გაეროს გენერალური ასამბლეა

პრემიერი: ვიმედოვნებ, საბოლოოდ რუსეთი შეასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს

www.facebook.com/GaribashviliOfficial

გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა. პრემიერი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ რუსეთი შეასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. მისივე თქმით, რუსეთის მიერ უწყვეტი ოკუპაციის ფონზე, ხელისუფლება მაინც ცდილობდა რუსეთთან პასუხისმგებლიანი და პრაგმატული ურთიერთობები ჩამოეყალიბებინა.

"ჩვენი მიღწევების მიუხედავად, კვლავ ვხვდებით გამოწვევებს უსაფრთხოებასთან მიმართებით. გაეროში ჩემი ბოლო გამოსვლიდან, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა ე.წ. ხელშეკრულებებს სოხუმთან და ცხინვალთან. რუსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე უკანონოდ აგრძელებს კონტროლის გაფართოებას.

ვგმობ მცოცავ ანექსიას და რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის უგულვებელყოფას. ტრაგიკული შედეგი ის არის, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები მოკლებული არიან თავისუფალი ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს.

რუსეთის მიერ უწყვეტი ოკუპაციის ფონზე, ჩემი ხელისუფლება ნათლად ამბობდა, რომ საჭიროა ჩამოყალიბდეს პასუხისმგებლიანი, პრაგმატული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, რათა რუსეთთან წინ წაგვეწია ვაჭრობა, სატრანსპორტო კომუნიკაციები, ჰუმანიტარული ურთიერთობები და ტურიზმი, სადაც და როგორც შესაძლებელი იქნებოდა.

მინდა, განვმარტო, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება შეუძლებელია ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. ვიმედოვნებ, რომ რუსეთი საბოლოოდ შეასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩათვლით და იმოქმედებს, როგორც საერთაშორიუსო თანამეგობრობის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე პირი", - თქვა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები