PACE-ს რეზოლუცია

ევროსაბჭო: საქართველოში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება გრძელდება

assembly.coe.int

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის - "წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან მიმართებით" -თანახმად, საქართველოში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება გრძელდება. რეზოლუცია დღეს 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღეს. დეპუტატებმა ქართული ოცნების წარმომადგენლების არცერთი შენიშვნა არ გაიზიარეს. ანგარიშში საქართველოს, რუსეთისა და თურქეთის შესახებ არის საუბარი. რეზოლუცია PACE-ის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოამზადა. მომხსენებელი ევროპის სახალხო პარტიის წევრი, პედრო აგრამუნტი იყო.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების საფუძვლები დაფიქსირდა:

- დაკავებულზე ზეწოლა დანაშაულის აღიარების ან პროკურატურასთან სხვა მხრივ თანამშრომლობის მიღწევის მიზნით (მაგალითად, სერგეი მაგნიტსკის საქმე რუსეთში და საქართველოში რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე, მათ შორის, ვანო მერაბიშვილის).
- პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია ან სხვაგვარად ნეიტრალიზება (მაგალითად, ენმ-ის ლიდერების უმეტეს საქმეზე საქართველოში)

რეზოლუციაში წერია, რომ საქართველომ, რუსეთმა და თურქეთმა წინასწარი პატიმრობების შესამცირებლად რეფორმები გაატარეს, თუმცა, წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება აღნიშნულ ქვეყნებში მაინც გრძელდება.

რეზოლუციის მიხედვით, საქართველოში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების საფუძვლები მოიცავს პროკურატურის მიერ მოსამართლის შერჩევისას "სასამართლოს ბაზრის" გამოყენებას, რათა ისინი დარწმუნდნენ, რომ წინასწარ პატიმრობაზე გადაწყვეტილებას გამოიტანს ის მოსამართლე, რომელიც მოსალოდნელია, რომ "დამთმობი" იქნება. ასევე მოიცავს შესაძლებლობას, რომ პროკურატურა გვერდს აუვლის წინასწარი პატიმრობის ლიმიტს ბრალის მოდიფიცირებით(მაგალითად, როგორც მოხდა გიგი უგულავასა და ბაჩო ახალაიას შემთხვევებში, 2015 წლის სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე)

ევროსაბჭოს ასამბლეა მოუწოდებს სახელმწიფოებს, მიიღონ ზომები, რათა შემცირდეს წინასწარი პატიმრობა:

- გაზარდონ მოსამართლეებისა და პროკურორების ინფორმირება წინასწარი პატიმრობების კანონიერი ვადის შესახებ და ასევე ნეგატიური შედეგის შესახებ, რასაც წინასწარი პატიმრობა დაკავებულებს, მათ ოჯახებს და მთლიანად საზოგადოებას მოუტანს;

- დარწმუნდნენ, რომ წინასწარ პატიმრობებზე გადაწყვეტილებები მიღებულია უფროსი მოსამართლეების მიერ და ისინი წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე უარის თქმისთვის ნეგატიურ შედეგებს არ მიიღებენ;

- მიიღონ ზომები, რათა თავიდან აიცილონ პროკურორების მიერ მოსამართლის არჩევისას "სასამართლოს ბაზრის" გამოყენება და გაათავისუფლონ ყველა ის პირი, ვინც წინასწარ პატიმრობაში არაკეთილსინდისიერი მიზნებით იმყოფება.

კომენტარები