მიგრანტების კრიზისი

ევროკავშირი ლტოლვილებისთვის მილიარდ ევროს გამოყოფს

Reuters

ევროპაში მიგრანტების კრიზისი გრძელდება. ანგელა მერკელმა გერმანიის პარლამენტს მიმართა და აღნიშნა, რომ ის ზომები, რომლის გატარებაზეც ევროკავშირის ლიდერები ოთხშაბათის სამიტზე შეთანხმდნენ, პრობლემის გადასაჭრელად საკმარისი არ არის.

სამიტზე ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსა და მსოფლიო კვების პროგრამის სასარგებლოდ ერთი მილიარდ ევროს გამოყოფენ, ხოლო სირიის მეზობელ ლიბანს, იორდანიას, თურქეთსა და სხვა ქვეყნებს დახმარება გაეზრდებათ. პრობლემის მოგვარების მიზნით დაგეგმილია დიალოგის გამართვა თურქეთის პრეზიდენტთანაც. გარდა ამისა, ევროპის მაშტაბით საზღვრების დაცვა მნიშვნელოვნად გაძლიერდება.

ევროკავშირის შემდეგი სამიტი ოქტომბერში ჩაინიშნა.

ევროპის საზღვრებთან კი მიგრანტების ნაკადი არ წყდება. უნგრეთის ცნობით, მხოლოდ ოთხშაბათს ქვეყნის ტერიტორიაზე 10 ათასზე მეტი მიგრანტი შევიდა, ხოლო სერბეთისა და ხორვატიის საზღვართან ისევ ლტოლვილთა რიგია.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის განმავლობაში ევროპაში ნახევარ მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, რაც, წინა წელთან შედარებით, ორჯერ მეტია. მიგრანტები ახლა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იტალიასა და უნგრეთში არიან თავმოყრილნი. ჯამში ყველაზე მეტი მიგრანტი გერმანიამ მიიღო. 

კომენტარები