სემეკ-ი

პრეზიდენტი სემეკ-ის წევრობის იმავე კანდიდატებს ხელახლა წარადგენს

primetimenews.ge

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას სემეკ-ის წევრობის იმავე კანდიდატებს ხელახლა წარუდგენს. როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილის მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან ორზე მთავრობამ უარი განაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ კანდიდატებზე უარი არგუმენტების დასახელების გარეშე თქვეს.

8 სექტემბერს პრეზიდენტმა მთავრობას პარლამენტში წარსადგენად შესთავაზა დავით ასლანიშვილის, გიორგი ფანგანის და მარინა გულედანის კანდიდატურები. მთავრობამ 22 სექტემბერს მხოლოდ გიორგი ფანგანის კანდიდატურა მოიწონა.

"მთავრობამ უარი თქვა აღნიშნულ კანდიდატებზე ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. მართალია, მთავრობას კანონი ამ არგუმენტაციის წარდგენას არ ავალდებულებს, მაგრამ ორი ძლიერი, პროფესიონალი კანდიდატის დაწუნების შემთხვევაში, გარკვეული არგუმენტები მაინც უნდა არსებობდეს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს კანდიდატები პრეზიდენტის ინიციატივით გამჭვირვალე პროცესის შედეგად შეირჩა", - აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის პრეზიდენტის მიერ ხელახლა წარდგენილ კანდიდატებზე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საზოგადოებასთან და დარგის ექსპერტებთან ერთად, ახლიდან დაიწყებს სემეკ-ის წევრობის კანდიდატების შერჩევის ღია და გამჭვირვალე პროცესს - იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც დაიწყო ეს პროცესი რამდენიმე თვის წინ.

"საქართველოს პრეზიდენტი უარს არ იტყვის კანდიდატების შერჩევის გამჭვირვალე პროცესზე და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე. ჩვენ უარს ვამბობთ ყველა სხვა ტიპის შეთანხმებაზე", - თქვა აბაშიშვილმა.

აბაშიშვილის განცხადებით, საგულისხმოა, რომ მთავრობამ სემეკ-ის წევრობის პროფესიონალ კანდიდატებზე უარი თქვა იმ დროს, როდესაც ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურების შედეგად ცალკეული კომპანიები მუდმივად საუბრობენ ელექტროენერგიასა თუ ბუნებრივ აირზე ტარიფების მომატებასთან დაკავშირებით.

"ტარიფები ის საკითხია, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. სემეკ-ი არის ორგანო, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ტარიფებთან დაკავშირებით და განსაზღვროს ტარიფების ბედი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეული და საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობდნენ. სწორედ ეს უზრუნველყოფს სემეკ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მეტ გამჭვირვალობას, სამართლიანობასა და მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან", - აღნიშნა აბაშიშვილმა.

კომენტარები