იემენის კრიზისი

ტერაქტი იემენში: მეჩეთის აფეთქებას 29 ადამიანი ემსხვერპლა

იემენის კრიზისი
Khaled Abdullah / Reuters

ხუთშაბათს, 24 სექტემბერს, იემენის დედაქალაქ სანაში ჰუსიტების მეჩეთის აფეთქებისას 29 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ათეულობით მლოცველს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

პირველი აფეთქება მოხდა ხალხით სავსე მეჩეთში დილის ორის ნახევარზე, მეორე ტერორისტმა კი თავი შესასვლელთან აიფეთქა მას შემდეგ, რაც პანიკაში ჩავარდნილი ხალხი გასასვლელს მიაწყდა. ტერაქტი მოხდა სადღესასწაულო ლოცვის დროს. ღვთისმსახურება ეძღვნებოდა ეიდ ალ-ადჰას - მსხვერპლშეწირვის სამდღიანი დღესასწაულის დაწყებას, რომლის დროსაც იხსენებდნენ წინასწარმეტყველი იბრაჰიმის მორჩილებას ღვთისადმი. ეიდ ალ-ადჰა ერთ-ერთია ისლამში არსებული ორი მთავარი დღესასწაულიდან.

ეს მეჩეთზე თავდასხმის უკვე მეექვსე შემთხვევაა ბოლო სამი თვის მანძილზე.

ამ დროისთვის ტერაქტზე პასუხისმგებლობას არცერთი დაჯგუფება არ იღებს. თუმცა აფეთქება ძალიან ჰგავს ისლამური სახელმწიფოს მიერ მარტში მოწყობილ ტერაქტს, რომლის დროსაც დაიღუპა ასობით ზაიდი - შიიტური ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობის წარმომადგენლები, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს მხრიდან მიჩნეულნი არიან ერეტიკოსებად.

ირანის მოკავშირე ჰუსიტებმა დედაქალაქი სანა ერთი წლის წინ დაიკავეს და პრეზიდენტი აბდ-რაბუ მანსურ ჰადი აიძულეს, საუდის არაბეთში გახიზნულიყო. მარტიდან მოყოლებული დასავლეთის მოკავშირე საუდის არაბეთი არაბული ქვეყნების ალიანსთან ერთად ცდილობს აღადგინოს ჰადის ძალაუფლება. ისლამური სახელმწიფო კი იყენებს კონფლიქტურ ვითარებას, რათა მოქმედების არეალი გაზარდოს.

კომენტარები