სავალუტო კრიზისი

დოლართან მიმართებით ლარის ისტორიულ მინიმუმამდე 0.0001 თეთრი დარჩა

ტაბულა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდა, რომლის მიხედვითაც ერთი აშშ დოლარი 2.4499 ლარი ღირს, რაც ლარის არსებობის ისტორიაში დოლართან მიმართებით მინიმალურ  მაჩვენებელს 2.45-ს მხოლოდ 0.0001 თეთრით ჩამორჩება. დოლართან მიმართებით გაუფასურების მიუხედავად ლარი ევროსთან 3.6 თეთრით გამყარდა, ერთი ევროს ოფიციალური კურსი 2.76 გახდა. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას არ ელოდება. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით, ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები უკვე სრულად ამოწურულია, ამიტომაც მთავრობა საშუალოვადიან პერიოდში მის გამყარებას ელოდება. 

"უნდა აღინიშნოს, რომ გაცვლით კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები სრულად ამოწურულია, ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას. რაც შეეხება დღევანდელი მდგომარეობით, აღსანიშნავია, რომ არც სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს და არც ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფინანსირების სესხებს გაცვლით კურსზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია", - ამბობს ფინანსთა მინისტრი.

ლართან დაკავშირებით დღესვე კომენტარი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმაც გააკეთა. ჯავახიშვილი ამბობს, რომ თუკი აშშ დოლარის ღირებულება 2.54-ს გადააჭარბებს, ამას საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს. 

"ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია: 2.54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ. რამდენიმე თვის წინანდელი­ მონაცემებით, აღებული სეს­ხ­­ების 64% დოლარში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოს­ახლეობამ უარი უნდა თქვას გადახდაზე, ან გაყი­დოს თუ რამე აქვს დარჩენილი. თუ ასე გაგრძელდება, მღელვარების საშიშროება იქნება", - ამბობს ნოდარ ჯავახიშვილი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში. 

ლარის გაუფასურება ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა.

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

კომენტარები