მედია

მიშველაძე: შესაბამისმა სამსახურებმა იცოდნენ ჩვენი ურთიერთობის შესახებ

პირველი რადიო

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ეკა მიშველაძის თქმით, მისი და ალექსი პეტრიაშვილის ურთიერთობის შესახებ შესაბამისმა სამსახურებმა ამ ურთიერთობის გასაჯაროვებამდე ბევრად უფრო ადრე იცოდნენ. ამის შესახებ მიშველაძემ ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვას - "გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შენი და ალექსი პეტრიაშვილის ურთიერთობა სულაც არ იყო სიურპრიზი ხელისუფლებისთვის და პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის, ვინაიდან ისინი თქვენ გითვალთვალებდნენ", მიშველაძემ უპასუხა: "მანამდე, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველი გაიგებდა, რომ მე და ალექსი პეტრიაშვილი დავქორწინდით, შესაბამისმა სამსახურებმა იზრუნეს და ბევრად უფრო ადრე იცოდნენ ჩემი და ალექსი პეტრიაშვილის ურთიერთობის შესახებ. ამაზე მეტს აღარაფერს აღარ დავაკონკრეტებ, მე მგონი ძალიან გასაგებად ვთქვი ის, რაც ვთქვი" - თქვა მიშველაძემ.

შეგახსნებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა იქორწინეს. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ეკა მიშველაძის გადაცემის დახურვის შესახებ, მაუწყებლის დირექტორის მრჩეველმა ჟურნალისტს საჯარო შეხვედრაზე განუცხადა, რომ "მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა". ბასა ჯანიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ინტერესთა კონფლიქტია. 

კომენტარები