არაფორმალური მმართველობა

ფულე უსუფაშვილს: პრობლემა კითხვები კი არა, მათი მიზეზებია

dt.ua

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ყოფილი ევროკომისრის შტეფან ფულეს შეფასებით, "პრობლემა ის არ არის, რომ არსებობს კითხვები, რომლებსაც ხელახლა იმეორებენ, პრობლემა ამ კითხვების მიზეზებია და ის, რომ ყველა არ პასუხობს ამ შეკითხვებს იმავე გულწრფელობით, როგორც თქვენ". ფულემ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართა, რომელმაც ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის კითხვაზე არაფორმალურ მართვასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ "ყველა დაიღალა ამ კითხვებით".

ამასთან, სასტუმრო "რუმსში" მიმდინარე კონფერენციაზე - "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში", შტეფან ფულემ თქვა, რომ მან ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა რამდენჯერმე მოითხოვა. ყოფილი ევროკომისრის განცხადებით, მას ივანიშვილთან რამდენიმე კითხვა ჰქონდა, რომელიც პასუხგაუცემელი დარჩა.

"მე ვისაუბრე საბაბებზე, წევრ ქვეყნებში მოგვწონს ასეთი საბაბების პოვნა [ევროინტეგრაციის] პროცესის გასახანგრძლივებლად. ყოველთვის ვცდილობ, ვისაუბრო ამ საკითხზე საქართველოშიც და მის გარეთაც - გთხოვთ უზრუნველყოთ, რომ თავის გასამართლებელი მიზეზები არ დაუტოვოთ, შეამციროთ. თქვენი სამუშაოა, რომ უფრო რთული გახადოთ წევრი ქვეყნებისთვის ასეთი საბაბების პოვნა და იცით, რომ საქართველო გვაძლევდა ასეთ მიზეზებს, ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდეც კი. შემდეგ სტრასბურგში, ბრიუსელში, ყველანი ბევრს საუბრობდნენ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე. ჩვენ სრულიად ცხადად ვთქვით, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, მაგრამ, ამავე დროს, ვამბობდით, რომ თუ თქვენი ევროპული მისწრაფებები გულწრფელია, ეს ევროპულად უნდა გააკეთოთ. ჩვენ ვცადეთ, მეტი გაგვეკეთებინა, რომ დავხმარებოდით საქართველოს, გადაელახა რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდები. გამოვგზავნეთ აქ სპეციალური წარმომადგენელი თომას ჰამერბერგი, რომელიც სწორედ გამოწვევებთან გამკლავების ევროპულ გზაზე იყო ფოკუსირებული. ეს არ ნიშნავდა იმას, რომ თქვენს პოლიტიკურ ძალას ვეუბნებოდით - დაივიწყეთ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები. არა, ეს ნიშნავდა, რომ - მოდით, გააძლიერეთ თქვენი ევროპული მიღწევები და არ დაასუსტოთ ისინი. ჩემი პოსტზე ყოფნის ვადის ბოლოს ვითხოვე შეხვედრა ყოფილ პრემიერთან. სიმართლე რომ გითხრათ, ეს რამდენჯერმე მოვითხოვე. მე მქონდა რამდენიმე შეკითხვა და ვწუხვარ, რომ ისინი პასუხგაუცემელი დარჩა მისგან. საქართველოსთვის მეტის გაკეთებისთვის ამ პასუხების მიღება ლეგიტიმური მოლოდინი იქნებოდა", - მიმართა ფულემ უსუფაშვილს.

კომენტარები