პოლიტიკური დევნა

ლინკევიჩუსი: არაა აუცილებელი, შენი ოპონენტი ციხეში ჩასვა

ლინას ლინკევიჩუსი
ტაბულა

"თქვენ შეიძლება, უარყოთ, რასაც მე ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება - ოპოზიციის თამაში ნამდვილად არაა მეგობრული. ყოველთვის ვამბობ, რომ არაა აუცილებელი, შენი ოპონენტი ციხეში ჩასვა. ეს დროის კარგვაა. აქ არის ჩემი ოპონენტი ოპოზიციიდან, მაგრამ ის ციხეში უნდა ჩავსვათ? იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება, ებრძოლო ოპოზიციას დამაჯერებლად და ნაკლებად მტკივნეულად", - ასე საუბრობს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გამოწვევებზე სასტუმრო "რუმსში" მიმდინარე კონფერენციაზე - ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში.

"ჩემი რჩევაა, ბევრჯერ მითქვამს პირადად თუ საჯაროდ, მაგრამ შემიძლია, გავიმეორო კიდევ ბევრჯერ - მე თვითონ პოლიტიკოსი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს ბრძოლა პარტიებს შორის, მაგრამ იფიქრეთ საქართველოზეც. თუ მესიჯებს გზავნით საზღვარგარეთ, იფიქრეთ საქართველოზე. უარყოფითი მესიჯები არ შექმნის დადებით შთაბეჭდილებას. შეიძლება, არ არის პოლიტიკურად სწორი, რაც ვთქვი, მაგრამ ჩვენ ჩვენს მეგობრებთან ჩვეულებრივ გულწრფელად ვსაუბრობთ. ჩვენ გვჭირდებით ევროატლანტიკურ ოჯახში, ეს თქვენი არჩევანია.

თქვენ შეიძლება, უარყოთ, რასაც მე ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოში ხელისუფლება - ოპოზიციის თამაში ნამდვილად არაა მეგობრული. ყოველთვის ვამბობ, რომ არაა აუცილებელი, შენი ოპონენტი ციხეში ჩასვა. ეს დროის კარგვაა. აქ არის ჩემი ოპონენტი ოპოზიციიდან, მაგრამ ის ციხეში უნდა ჩავსვათ? იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება, ებრძოლო ოპოზიციას დამაჯერებლად და ნაკლებად მტკივნეულად. ჩვენ უნდა მოვახდინოთ რესურსების აკუმულირება ევროინტეგრაციისთვის. მე მჯერა, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ნამდვილად გინდათ ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაცია. მე მჯერა, თუმცა, მერწმუნეთ, სხვებს ეჭვები აქვთ ", - თქვა ლინკევიჩუსმა. მისივე თქმით, მსოფლიოში რთული ვითარებაა და დროის კარგვა ამ ნაკლებად მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე არალეგიტიმურია.

ლინკევიჩუსის თქმით, NATO-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით რუსეთის განცხადებებს ნაკლები ყურადღება უნდა მიექცეს. მისივე მოსაზრებით, რუსეთი ადანაშაულებს სხვას იმაში, რასაც თავად აკეთებს სხვის მიწაზე. "ამის საუკეთესო მაგალითია უკრაინა. მთავარია, პროვოკაციას არ წამოეგოთ და გააგრძელოთ ბრძოლა", - თქვა ლინკევიჩუსმა.

კომენტარები