ეროვნული ბანკი

კოჟორიძე: ვეტოდაძლეულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ხელმოწერა სიმბოლურია

გადაცემა ფოკუსი/ტაბულა

პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციით დადგენილ ვადაში - შვიდ დღეში მოაწერს ხელს. კოჟორიძის თქმით, "ვეტოს დაძლევის შემდეგ, კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერას სიმბოლური დატვირთვა აქვს" და პრეზიდენტი ცალსახად არ ეთანხმება კანონპროექტის პრინციპებს.

"პრეზიდენტი პატივს სცემს პარლამენტს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტს და მის მიერ აღებულ მძიმე პასუხისმგებლობას. შესაბამისად, იგი ხელს მოაწერს ამ კანონპროექტს. საქართველოს პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით საქართველოს ჰქონოდა უკეთესი კანონმდებლობა. ნათელი, მყარი და დამაჯერებელია პრეზიდენტის პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა წარუდგინა", - აღნიშნა კოჟორიძემ.

პარლამენტმა 3 სექტემბერს, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოტანასთან დაკავშირებით კანონპროექტზე პრეზიდენტის დადებული ვეტო 81 ხმით დაძლია. კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად ხელმეორედ გადაეგზავნა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ შემუშავებული კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. 

კომენტარები