ბიუჯეტი 2015

აგვისტოს ბოლოს ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი ბიუჯეტის ხარჯვა იყო

კოლაჟი / ტაბულა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, აგვისტოში სახელმწიფოს გადასახდელებმა 702 მილიონი ლარი შეადგინა, ბიუჯეტის შემოსულობები კი 612 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 555 მილიონი ლარი საგადასახადო შემოსავლები იყო. გადასახდელებსა და შემოსავლებს შორის სხვაობის დაფარვა მთავრობამ ბიუჯეტის ნაშთიდან დამატებითი 90 მილიონი ლარის დახარჯვით შეძლო, რაც ნიშნავს, რომ აგვისტოში ბიუჯეტის ზემოქმედებით მიმოქცევაში დამატებითი 90 მილიონი ლარი მოხვდა, რაც შესაძლოა აგვისტოს ბოლოს ლარის პიკური გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი იყოს.

მთავრობის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის შესრულებას ლარზე უარყოფითი ზეგავლენა არ ექნებოდა, რადგანაც მთავრობა წელს წინა წლებთან შედარებით ბიუჯეტის სახსრებს უფრო თანაბრად ხარჯავს. 2015 წელს ბიუჯეტის შემოსავლებმა მის ხარჯებს ოთხჯერ გადააჭარბა, ამ მხრივ ყველაზე მაღალი სხვაობა მარტში იყო, როდესაც ბიუჯეტის ნაშთი 198 მილიონი ლარით გაიზარდა. ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა კი ყველაზე მაღალი აპრილსა და აგვისტოში იყო და მან დაახლოებით 90 მილიონი ლარი შეადგინა. 

კომენტარები