ბიუჯეტი 2015

ფინანსთა მინისტრის თქმით, ეკონომიკური ზრდის წინასწარი პროგნოზი 4%-ზე მაღალია

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი პროგნოზი 4%-ს აღემატება, რაც მინისტრის შეფასებით, კარგი მაჩვენებელია, თუმცა სავარაუდოდ 2014 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკურ ზრდაზე ნაკლები იქნება. გასულ წელს ეკონომიკური ზრდა ყველაზე მაღალი სწორედ წლის პირველ კვარტალში იყო და ის 7,2%-ს შეადგენდა.

ფინანსთა სამინისტრომ დღესვე 2015 წლის იანვრის თვის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი გამოაქვეყნა. ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში 725 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 115 მილიონი ლარით აღემატება და 2015 წლის გეგმის 7,3%-ს, ხოლო კვარტალური გეგმის 33%-ს შეადგენს. 

ბიუჯეტის შემოსულობები საგადასახადო და არასაგადასახო შემოსავლებისგან შედგება. იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 570 მილიონი ლარი შევიდა. ბიუჯეტის შემოსულობებში გადასახადებთან ერთად შედის კაპიტალური შემოსავლები, პრივატიზაციით მიღებული შემოსავლები, სახელმწიფოს საშინაო და საგარეო სესხები. ბიუჯეტის შემოსულობებში ასევე საერთაშორისო გრანტებიც შედის. 

იანვრის თვეში ბიუჯეტის ხარჯებმა 656 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 7%-ს შეადგენს. 

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წლიური ბიუჯეტის 4% ანუ წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის 31% აითვისა. აღნიშნული უწყება ბიუჯეტის შესრულების სეზონურობით გამოირჩევა, ბიუჯეტის ძირითად ნაწილს სამინისტრო წლის მეორე და მესამე კვარტალში ასრულებს.

კომენტარები