კრიმინალი

ექიმის ინფორმაციით, ლევან გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ინგოროყვას კლინიკა

წავკისი-ტაბახმელას გზაზე დაჭრილი ლევან გავაზავას ჯანმრთელობის მდგომრეობა მძიმეა. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ინგოროყვას კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მას ოპერაცია დაახლოებით 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა. ექიმ-რეანიმატოლოგ კონსტანტინე მუმლაძის განცახდებით, გვაზავას ტყვია ქვედა ყბიდან სახის მიდამოში აქვს მოხვედრილი და ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში რჩება მძიმე. ის იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე, არის სამკურნალო-დაცვითი ნარკოზის ქვეშ. გრძელდება ინტენსიური თერაპია და მკურნალობა. ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობის გამო, სახის ძვლების ოსტეოსინთეზი" - განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

ინგოროყვას კლინიკასთან იმყოფებიან ლევან გვაზავას ნათესავები, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. შემთხვევის შესახებ ამ დროისთვის ორი დაუდასტურებელი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, გვაზავას შემთხვევით გაუვარდა იარაღი, რის შედეგადაც მისი დეიდაშვილი რეზო კალომლეწავი გარდაიცვალა, შემდეგ კი ლევან გვაზავამ თვითმკვლელობა სცადა. მეორე ვერსიის თანახმად შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს თავს დაესხნენ.

მომხდარის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის არ აქვს ლევან გვაზავას ადვოკატს. დარეჯან გილაშვილის თქმით, გვაზავასა და გარდაცვლილთან ერთად კიდევ ერთი ან ორი პირი იმყოფებოდა, რომლებიც საგამოძიებო უწყებამ, სავარაუდოდ, გუშინვე დაკითხა. ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია ვის წაუყენა ბრალი პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, თუმცა, მისი თქმით, გვაზავა გენერალია და მას იარაღის ტარების უფლება ჰქონდა.

"ოჯახისთვის აბსოლუტურად უცნობია რა მოხდა შემთხვევის ადგილზე. როგორც ვიცით, გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ შედეგებს. ჯერ-ჯერობით ოფიციალურად მე პროკურატურისთვის არ მიმიმართავს ორდერით და საქმის მასალებთან დაკავშირებით ზუსტად ვერ გეტყვით რითია საქმე აღძრული. თუმცა შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ ლევან გვაზავა იყო გენერალი და მას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება აქვს" - განაცხადა დარეჯან გილაშვილმა.

გუშინ გვიან საღამოს, ოქროყანის მიდამოებში სროლის შედეგად შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა დაიჭრა, მისი თანმხლები პირი კი გარდაიცვალა. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვის ფაქტზე დაიწყო - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

კომენტარები