ლარის გაუფასურება

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი 2.39 ლარი ღირს

ლარი გაუფასურებას განაგრძობს - კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ყიდვის ღირებულება 2.39-ს შეადგენს. დღესვე განსაკუთრებით გაიზარდა ევროსა და გირვანქა სტერლინგის შესასყიდი ფასიც. ერთი ევრო კომერციულ ბანკებში 2.77 ლარი ღირს, დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის შესასყიდი ფასი კი 3.79-ია. 

ლარის გაუფასურება ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა. ლარის უკანსასკნელი გაუფასურება რეგიონში გაუარესებული ეკონომიკური ვითარებას უკავშირდება, რაც ყაზახური ტენგეს 27%-იანი გაუფასურებით არის გამოწვეული. ასევე სწრაფი ტემპებით უფასურდება თურქული ლირაც.  

ლარის გაუფასურება საქართველოს საგადამხდელო ბალანსის გაუარესებამ გამოიწვია. საგადამხდელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული უცხოური ვალუტის ნაკადების საბალანსო დოკუმენტია. საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროებს წარმოადგენს ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საერთაშორისო გრანტები და კრედიტები. ქვეყნიდან ვალუტის გადინებას კი იმპორტი და საგარეო ვალის მომსახურება იწვევს.  

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

კომენტარები