ევროკავშირი

გერმანია შესაძლოა შენგენის ზონიდან გავიდეს

Reuters

არ არის გამორიცხული, გერმანიამ შენგენის ხელშეკრულებაში მონაწილეობა შეაჩეროს. ამის შესახებ BBC-სთან საუბრისას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა განაცხადა. მინისტრის თქმით, იგი მხარს უჭერდა შენგენის ხელშეკრულებას, მაგრამ, მას შესაძლოა „საფრთხე შეექმნას“.

მოსალოდნელია, რომ წელს გერმანიას პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად 800 ათასი ადამიანი მიმართავს, რაც ბევრად აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს ევროპის სხვა ქვეყნებში.

დე მეზიერმა ასევე მოუწოდა დიდ ბრიტანეთს მეტი მიგრანტი მიიღოს.

„ბრიტანეთს განსაკუთრებული როლი აქვს, ის არ არის შენგენის შეთანხმების წევრი. მაგრამ, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ საკუთარი ვალდებულებების შესრულებას მეტი ყურადღება უდნა დაუთმოს“,  - განაცხადა შს მინისტრმა.

შენგენის ზონაში ევროპის 26 ქვეყანა შედის. ხელშეკრულების თანახმად, მათ შორის გაუქმებულია სასაზღვრო კონტროლი და თავშესაფრის მინიჭების საერთო წესები მოქმედებს.

ევროპული სააგენტო Frontex-ის ინფორმაციით, მხოლოდ წლის დასაწყისიდან ევროკავშირში 340 ათასი არალეგალი მიგრანტი შევიდა აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთს ქვეყნებიდან.  მათი ძირითადი ნაწილი ხმელთაშუაზღვის გავლით საბერძნეთსა და იტალიაში ხვდება, შემდეგ გზას ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებისკენ აგრძელებს.

როგორც BBC  აღნიშნავს, ევროკავშირში შექმნილ სიტუაციას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილებთან დაკავშირებულ ყველაზე მწვავე კრიზისს უწოდებენ. 

კომენტარები