ლარი ტურისტული სეზონის ფონზე კვლავ უფასურდება. ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდა. ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.65 თეთრით გაუფასურდა. მომავალი სავალუტო აუქციონის შედეგების გამოცხადებამდე, ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2.3336 ლარი ეღირება. ევროსთან მიმართებით კი, ეროვნული ვალუტა 3.37თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი ევრო 2.6342 ლარი ეღირება.
მთავრობა ლარის გამყარებას ტურისტული სეზონის დროს ელოდა, თუმცა წელს იმ პირთა რაოდენობა, ვინც საქართველოში 24 საათზე მეტი ხნით რჩება, 0.2%-ით შემცირდა.
ლარის გაუფასურება ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა.
ლარის გაუფასურება საქართველოს საგადამხდელო ბალანსის გაუარესებამ გამოიწვია. საგადამხდელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული უცხოური ვალუტის ნაკადების საბალანსო დოკუმენტია. საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროებს წარმოადგენს ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საერთაშორისო გრანტები და კრედიტები. ქვეყნიდან ვალუტის გადინებას კი იმპორტი და საგარეო ვალის მომსახურება იწვევს.
ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.





