თბილისის ზოოპარკი

გურიელიძე: თბილისის ზოოპარკი მუშაობას მიმდინარე წლის სექტემბერში განაახლებს

lela askurava/fb.com

თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ზოოპარკი მუშაობას მიმდინარე წლის სექტემბერში განაახლებს. ინტერპრესნიუსთან საუბარში გურიელიძემ თქვა, რომ ტერიტორიის გადარჩენილი ნაწილის აღდგენითი და დასუფთავების სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

"თუმცა, არის გარკვეული დეტალები, რომლებზეც მუშაობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. სექტემბერში აუცილებლად გაიხსნება. იმუშავებს ზოოპარკის ის ნაწილი, რომელიც გადაურჩა წყალდიდობას. გვყავს საინტერესო ცხოველები, რომელთა ხილვაც დამთვალიერებელს კვლავ შეეძლება", - განაცხადა გურიელიძემ და აღნიშნა, რომ იგეგმება ახალი ცხოველების ჩამოყვანაც. 

"უახლოეს პერიოდში შეიძლება ჩამოვიყვანოთ მაიმუნები. სხვა ცხოველებს კი მაშინ ჩამოვიყვანთ, როდესაც შესაბამისი ვოლიერები გვექნება", - თქვა გურიელიძემ. 

რაც შეეხება ახალ ზოოპარკს, გურიელიძის მოადგილის დავით თაქთაქიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს კონცეფციაზე მუშაობა. მისივე თქმით, ახალი ზოოპარკი 47 ჰექტარ ფართობზე გაშენდება. 

"თბილისის მერია ძალიან აქტიურად არის ჩართული. ტერიტორია დაახლოებით 47 ჰექტარია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ საკმაოდ დიდი ზომის ვოლიერები, ცხოველები ფაქტობრივად ნახევრად თავისუფალ მდგომარეობაში იქნებიან. ეს იქნება საკმაოდ კარგი ზოოპარკი, სადაც ადამიანი გაერთობა, მიიღებს კარგ შემეცნებით ინფორმაციას და დაისვენებს. ჩვენ გვინდა, ახალი ზოოპარკი მაქსიმალურად მიახლოებული იყოს ევროპის და ამერიკის სტანდარტებს. ძალიან კარგად შევისწავლეთ ტერიტორია იმის მიხედვით, თუ სად რომელი ცხოველი უნდა მოთავსდეს, რომელი ცხოველისთვის უნდა აშენდეს ვოლიერი", - განაცხადა თაქთაქიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის დაიწყება მშენებლობა. მისივე თქმით, ახალი ზოოპარკის მშენებლობა 2-3 წელს გაგრძელდება. 

თბილისის ზოოპარკი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ დაკეტილია. სტიქიამ დააზიანა ზოოპარკის დიდი ტერიტორია, დაიხოცა ცხოველების დიდი ნაწილი.

კომენტარები