ნიუ-იორკში სექტემბრის ბოლოს გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა. პრემიერი ასევე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება, თუმცა საქართველოდან ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტიც, გიორგი მარგველაშვილიც არის მიწვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან მეორე, პრეზიდენტის დელეგაციაც გაფრინდება ნიუ-იორკში.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ერთი ქვეყნიდან ორი დელეგაციის გამგზავრება ან ერთი დელეგაციის, რომლის ხელმძღვანელიც არის პერემიერმინისტრი და მის შემადგენლობაში არის პრეზიდენტიც გარკვეულ უხერხულობას ქმნის. "არ არის გამორიცხული, რომ ვინმეს ჰქონდეს დამატებითი მოწვევა ამა თუ იმ ღონისძიებაზე, მაგრამ იმ დამატებით ღონისძიებებზეც უნდა წავიდეს ის ვინც იქნება ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი. მე ვერ წარმომიდგენია პრემიერმინისტრი იყოს დელეგაციის ხელმღვანელი და ამ დელეგაციაში იყოს პრეზიდენტი და ვერ წარმომიდგენია ვერც პირიქით. ეს ალბათ არასდროს არ მომხდარა გაეროს ისტორიაში."-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის ზვიად კვაჭანტირაძის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ნიუ-იორკში გაფრინდებიან, როგორც მთავრობის მეთაური, ასევე საქართველოს პრეზიდენტი არანაირ უხერხულობას არ ქმნის. კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. კვაჭანტირაძის თქმით, ხარჯების ეკონომიის მიზნით პრეზიდენტის მხრიდან იმის საკუთარ თავზე აღება, რაც წესით პრემიერმა უნდა გააკეთოს არასწორი იქნება.
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში ნიუ-იორკში დაგეგმილ დისკუსიაზე "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება" ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ მიიწვია. საქართველოს პრეზიდენტმა ლიტველ კოლეგას დისკუსიაში მონაწილეობაზე თანხმობა 23 ივნისს, მასთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. შეგახსენებთ, რომ 2015 წელი პრეზიდენტმა ქალთა წლად გამოაცხადა.
გასულ წელსაც ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის მოწვევა საქართველოს პრემიერმინისტრს ჰქონდა, ამავდროულად პრეზიდენტი მიწვეული იყო კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ დისკუსიაზე, თუმცა გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ჩაშლილი იყო. საბოლოოდ კლიმატის ცვლილებების შესახებ სამიტსაც საქართველოს პრემიერი დაესწრო.