აფეთქება

ჩინეთში აფეთქების მსხვერპლთა რაოდენობა 104-მდე გაიზარდა

businessinsider.com

ჩინეთის ქალაქ ტიანძინში მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რაოდენობა დაზუსტებული ინფორმაციით 104-მდე გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ქვეყნის პრეზიდენტის სი ძინ პინის თქმით, მომხდარი იმის დამადასტურებელია, რომ ინდუსტრიულ ზონებში უსაფრთხოების ზომები აუცილებლად უნდა გამკაცრდეს. 

დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. რამდენიმე ათეული მეხანძრისა და მუშის ოჯახის წევრებმა საგანგებო სიტუაციების შტაბის ბრიფინგის ჩაშლაც სცადეს, რადგანაც მათი შეფასებით მთავრობა დაკარგულთა მოსაძებნად ყველაფერს არ აკეთებს.  

მთავრობამ ტიანძინის პორტის მიმდებარე უბნებიდან ჰაერის დაბინძურების გამო მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა, რადგანაც აფეთქების დროს ჰაერში დიდი რაოდენობით ტოქსიკური ნივთიერებები გაიფრქვა. 

აფეთქებების შედეგად 721 ადამიანი დაშავდა, მათგან 33-ის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. დაშავებულები საავადმყოფოებს მთელი ქალაქიდან აკითხავდნენ, რადგანაც მსხვილი აფეთქების გამო ქალაქში მრავალი შენობის ფანჯრები ჩაიმსხვრა, რამაც 100-ზე მეტი ადამიანის დაზიანება გამოიწვია. 

ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, დღეს კიდევ ერთი გადარჩენილის პოვნა მოხერხდა, რომელიც კონტეინერებს შორის ნანგრევებში ორი დღის მანძილზე იყო ჩამარხული. მედიის ცნობით მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

აფეთქების შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ზუსტი მოცულობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ის რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს აჭარბებს, რადგანაც პორტში ასობით საექსპორტოდ გამზადებული ავტომობილიც დაიწვა. 

კომენტარები