საკადრო ცვლილებები შსს-ში

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორად გოგა რაზმაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორად გოგა რაზმაძე დანიშნა. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მინისტრი პირადად შეხვდა საპატრულო პოლიციის ახალ ხელმძღვანელს და ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა: საგზაო უსაფრთხოება, დანაშაულის პრევენცია, ბრძოლა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, პოლიციელების პროფესიული მომზადება და უსაფრთხოება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ქალი პოლიციელების როლი და სხვა.

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი გოგა რაზმაძე პროფესიით იურისტია, დაკავებული იყო საადვოკატო საქმიანობით, აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მთავარ პროკურატურასა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მუშაობის თვრამეტწლიანი გამოცდილება. ბოლო პერიოდში იგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ჰყავს მეუღლე და შვილი."-წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ცინარიძისა და მისი მოადგილის, გიორგი ჭანტურიას თანამდებობიდან გაათავისუფლეს შესახებ ინფორმაცია ორი დღის წინ გავრცელდა, აღნიშნულ ინფორმაცია თავად ჭანტურიამ ოფიციალურად არ დაადასტურა. მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა,სადაც ნათქვამი იყო, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე გიორგი ჭანტურია და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი შალვა ბარელაძე, უწყებაში საქმიანობას სხვა პოზოციებზე გააგრძელებენ.

კომენტარები