ზურაბ ჟვანიას საქმე

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ნაფიცი მსაჯულები საბოლოო ვერდიქტზე მსჯელობენ

electionsmeter.com

გვაქვს ნაფიცი მსაჯულების სამართლიანობის იმედი, რომ ისინი მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, როგორსაც მიიღებდა ზურაბ ჟვანია, - ამის შესახებ მიხელ ძაძამიასა და კობა ხარშილაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

გადააწყვეტილება იმის შესახებ, არიან თუ არა დამნაშავეები ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი და დაცვის ყოფილი წევრი სამსახურებრივ გულგრილობაში, ნაფიცმა მსაჯულებმა დღეს უნდა გამოიტანონ. თუკი 3 საათის განმავლობაში ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტილებას ერთხმად ვერ მიიღებენ, მოსამართლე კიდევ გამოყოფს მათთვის დროს.

ძაძამიასა და ხარშილაძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ბრალდებულები უდანაშაულოები არიან და ისინი ზურაბ ჟვანიას დავალებას ასრულებდნენ.

„თუ დღეს არ იქნება გამამართლებელი ვერდიქტი, ამ ლოგიკით თავად ზურაბ ჟვანია ყოფილა დამნაშავე, რომ ამ პირებს აძლევდა არაკანონიერ დავალებებს. ისინი ხომ ზურაბ ჟვანიას ნების შესაბამისად მოქმედებდნენ. იმედი მაქვს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ მოექცევა საზოგადოებრივი აზრის ტყვეობაში და ამ ათწლიანი წუმპის ტყვეობაში, რომელიც ყოველდღიურად გვესმის, რომ თითქოს რაღაც განსაკუთრებული მოხდა ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჩვენ კი ვერ მოვისმინეთ დღემდე, ეს განსაკუთრებული რა არის. აქედან გამომდინარე, გვაქვს ნაფიცი მსაჯულების სამართლიანობის იმედი, რომ ისინი მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, როგორსაც მიიღებდა ზურაბ ჟვანია", - განაცხადა ბასილაიამ.

ჟვანიას საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე კი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ დასაბუთებულად წარადგინა სასამართლო განხილვებისას ხარშილაძისა და ძაძამიას ბრალეულობა.

„მათი მხრიდან გულგრილობის ფაქტზე ჩვენ წარვადგინეთ დასაბუთებული მტკიცებულებები. მათმა ქმედებამ პრემიერის გარდაცვალება გამოიწვია. დიდი იმედი მაქვს, რომ ნაფიც მსაჯულებზე ის ემოციები, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა, მუდმივად არ იქონიებს გავლენას და ისინი გამოიტანენ გამამტყუნებელ ვერდიქტს", - განაცხადა გუბელაძემ.

ორი საათზე მეტია, ჩაკეტილ კარს მიღმა, ზურაბ ჟვანიას საქმეზე ნაფიცი მსაჯულები საბოლოო ვერდიქტზე მსჯელობენ.

კომენტარები