საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით გაიზრდება და 6% გახდება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში წერია, რომ მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით, გაიზარდა ინფლაციის მოლოდინები და საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი გარე და შიდა რისკები. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების ტემპი კი დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე.
"ერთობლივი მოთხოვნა კვლავ შეზღუდულია ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ნეგატიური ეკონომიკური მდგომარეობის გამო. შიდა ფაქტორებიდან აღსანიშნავია ეროვნული ბანკის პოლიტიკის დისკრედიტაციის მცდელობა, რაც ზრდის გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს, ასუსტებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ეფექტიანობასა და ხელს უწყობს ინფლაციის მოლოდინის ზრდას. არსებული პროგნოზის შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს გააგრძელოს მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია. თუ არ გამოიკვეთა დამატებითი შოკები, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის ბოლოს 6.5 პროცენტის ფარგლებში იქნება", - ნათქვამი განცხადებაში.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიმდინარე პროგნოზით, ერთჯერადი ფაქტორების გამო, ინფლაციამ 5-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს 2015 წლის ბოლოს, შესაძლოა, მცირედით გადააჭარბოს. ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 4.9% შეადგინა და ეროვნული ბანკის 5% მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდა. ინფლაციის ზრდის ძირითადი ფაქტორი გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების მატება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა იყო. ინფლაციის ზრდას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობისა და სურსათის ეფექტი ზღუდავდა.
ეროვნული ბანკის განცხადებაში წერია, რომ წინასწარი ინფორმაციით, რეალური მშპ-ის ზრდა მეორე კვარტალში პროგნოზირებულთან შესაბამისი იყო. ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ ფაქტორს საგარეო სექტორი წარმოადგენს, რომელიც რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე. შესუსტებულია ადგილობრივი მოთხოვნაც, რასაც ფულადი გზავნილების შემცირება და უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე მომსახურების ტვირთის ზრდა განაპირობებს.
განცხადებაში საუბარია პოზიტიური ტენდენციებზეც, კერძოდ კი, საგარეო დისბალანსის აღმოფხვრის მხრივ პროგრესზე.
"შემცირებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, გაცვლითი კურსის ცვლილებამ მოახდინა იმპორტის კორექტირება. მეორე კვარტალში იმპორტის კლებამ 21 პროცენტი შეადგინა (გრანტით მიღებული C ჰეპატიტის წამლების იმპორტის გარეშე), შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებული საგარეო შოკის ეფექტი კურსზე ამოწურულია. სხვა თანაბარ პირობებში, არსებული საგარეო შოკიდან კურსზე დამატებითი ზეწოლა მოსალოდნელი არ არის", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში წერია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ გარემოზე.





