მცოცავი ოკუპაცია

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის დემარკაცია სოფელ ხურვალეთში განაახლეს

radiotavisupleba.ge

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები მათი დემონტაჟიდან სამი კვირის შემდეგ დააბრუნეს. ადგილობრივების ცნობით, ბანერების მახლობლად შეიარაღებული ადამიანების სიმრავლეც შეინიშნება. ქართველმა სამართალდამცავებმა ხურვალეთისა და წითელუბნის მიმართულებით დილიდან მედიის გადაადგილება კვლავ შეზღუდეს. 

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა იაგო ინაურმა ინტერპრესნიუსთან განაცხადა, რომ შეზღუდვა გარკვეული დროით უსაფრთხოების გამო დაწესდა. უცნობია, თუ როდის მოიხსნება სასაზღვრო შეზღუდვები.

ცნობისთვის, 10 ივლისს, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განახლდა. მას შემდეგ, რაც შიდა ქართლში "საზღვრის" აღმნიშვნელი ახალი ბანერები გამოჩნდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი, რომლის ოპერირებასაც BP ეწევა.

საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შემდგომ ადგილობრივი მოსახლეობის მიწები ე.წ. საზღვარს მიღმა ექცევა.

კომენტარები