ენერგეტიკა

ენერგო-პრო ჯორჯია იყიდება

საქართველოს უმსხვილესი ენერგოგამანაწილებელი კომპანია ენერგო-პრო ჯორჯია იყიდება, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ ბოცვაძეც ადასტურებს. კომპანიის გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებები პრაღაში, კომპანიის სათავო ოფისშიც მიმდინარეობს. ბოცვაძის თქმით, კომპანიის გაყიდვამდე მისი აქტივების შეფასების პროცესი მიმდინარეობს, რაც მოკლევადიან პროცედურას არ წარმოადგენს. კომპანიის გაყიდვის ერთ-ერთი მიზეზი სემეკის მიერ ენერგო-პრო ჯორჯიას მოთხოვნების არასრული დაკმაყოფილებაა.

სემეკმა ენერგო-პროს მოთხოვნა ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით არასრულად დააკმაყოფილა. "ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული კომპანიის დანგრევა, კრიზისში ვართ უკვე იმ დონეზე, რომ გაჩერების პირას ვართ და ვცდილობთ სასწრაფო წესით დავტოვოთ ქვეყანა", - განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ. კომპანიას ფინანსური პრობლემები ლარის გაუფასურების გამო შეექმნა.

უცნობია თუ რა ფორმით შედგება გარიგება და კომპანიის რა წილი გადაეცემა ახალ მეპატრონეს. ბოცვაძე ამბობს, რომ უკვე გამოკვეთილია ის ჯგუფები, ვინც კომპანიის შესყიდვით შეიძლება იყვნენ დაინტერესებულნი. ჩეხური კომპანია ენერგო-პრო ქართულ ბაზარზე 2007 წელს შემოვიდა.

ენერგო-პრო კახეთისა და თბილისის გამოკლებით მთელი საქართველოს ენერგომომმარაგებელია. კომპანიის მფლობელობაში 15 ჰიდროელექტროსადგურია. 

კომენტარები