პრემიერმინისტრი

ღარიბაშვილი სოკარის პრეზიდენტს შეხვდა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარის პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ცნობით, შეხვედრის ძირითადი თემები მიმდინარე საინვესტიციო პროექტები იყო. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს სოკარის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორის საქმიანობას საქართველოში.

მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. შეხვედრას სოკარის საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი მაჰირ მამადოვი და პრემიერმინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ. 

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია საქართველოს კონკურენციის სააგენტომ 14 ივლისს 14.3 მილიონი ლარით დააჯარიმა. კონკურენციის სააგენტოს მტკიცებით, სოკარი 2012-2014 წლებში კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონდმებლობას არღვევდა. სააგენტოს 1200 გვერდიანი დასკვნა, მასში არსებული კომერციული საიდუმლოების გამო საჯარო არ არის. ცნობილია, რომ სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებულ 14.3-მილიონიან ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს.

დაჯარიმებას ტაბულას კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით აზერბაიჯანული მხარისგან საპასუხო რეაქცია მოჰყვა, სოკარმა შემოდგომიდან საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდება შეიძლება შეწყვიტოს, თუმცა ენერგეტიკის სამინისტრო და სოკარი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ. 

სოკარი საქართველოში ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის გარდა ქვეყანაში გაზის ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელი და რეგიონებში გაზგამანაწილებელი ქსელების მფლობელია. სოკარი საქართველოს ბუნებრივ აირს სხვა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით დაახლოებით $100-ით უფრო იაფად აწვდის.

უცონობია განიხილებოდა თუ არა სოკარის დაჯარიმების საკითხები დღევანდელ შეხვედრაზე.

კომენტარები