თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადა

დღეს თბილისში ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიადა გაიხსნება

დღეს თბილისში ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება. გახსნის ცერემონიალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე (ლოკომოტივი) 20:00-ზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრიც დაესწრება. ოფიციალურ ნაწილში ირაკლი ღრიბაშვილთან ერთად სიტყვით გამოვა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი.

ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, მაყურებელს მიხეილ მესხის სტადიონზე მოხვედრა 19:00 საათამდე შეეძლება. გარდა ამისა, თბილისის მერიის ცნობით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვაკის პარკში  დამონტაჟდება მონიტორი, რომლის საშუალებითაც მსურველები პირდაპირ ეთერში შეძლებენ  გახსნის ცერემონიის ნახვას.

ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ პერიოდში თბილისს 50 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენი ეწვევა. ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება და მაყურებლებისთვის დასწრება თავისუფალი იქნება.

ცნობისთვის, ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში რამდენიმე ქუჩა დაიკეტება.

კომენტარები