პრემიერმინისტრი

მთავრობამ ვაჟა-ფშაველას სახელობის ლიტერატურული პრემია დააწესა

facebook.com/GaribashviliOfficial

ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩარგალში, ვაჟაობის დღესასწაულზე განაცხადა.

როგორც პრემიერის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე არია აღნიშნული, უკვე შექმნილია ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისია, რომელიც პრემიის მინიჭების პროცესს წარმართავს. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია - ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო 10 ათასი ლარის ოდენობით, ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა.

დღეს ჩარგალში პრემიერმა მოქალაქეებს ვაჟაობა მიულოცა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის დაწესების იდეა პირველად ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა.

„ქართველები სამართლიანად ვამაყობთ, რომ გვყავს მსოფლიო მნიშვნელობის შემოქმედი, ბუმბერაზი ადამიანი და მოაზროვნე, რომელიც ამ ეზოში გაიზარდა, ამ სივრცეში იქმნებოდა ვაჟას შესანიშნავი და გენიალური ნაწარმოებები. ვაჟა-ფშაველა ჯერ კიდევ ას წელზე მეტი ხნის წინ აფასებდა იმ ღირებულებებს, რისკენაც დღესაც ისწრაფვის კაცობრიობა. მჯერა, რომ ერი, რომელმაც ასეთი შვილი გაზარდა, იმ ღირებულებებით, იმ სულიერი სიმაღლით, რაც ვაჟა-ფშაველას ჰქონდა, აუცილებლად გადალახავს ყველა სირთულეს, აუცილებლად მოიპოვებს წარმატებას, გამარჯვებას და მიაღწევს საერთო ქართულ მიზანს - ჩვენი ქვეყნისა და ერის გამთლიანებას. ვაჟა-ფშაველა თავად იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულად და ევროპულად მოაზროვნე კაცი და მისი მაგალითიც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ საერთო ღირებულებები და მისწრაფებები გვაქვს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

წელს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღს აღსანიშნავად, ჩარგალში კონცერტი, სპორტული ღონისძიებები და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა გაიმართა. პრემიერმინისტრი ასევე ჩარგალში ახალი ხიდის გახსნას დაესწრო, რომელიც სოფელს ეკლესიასთან აკავშირებს.

კომენტარები