ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა

აბაშიშვილმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონთან დაკავშირებით შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში იანოშ ჰერმანთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში აზიმ სადიკოვთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურ დირექტორთან კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერასთან და საქართველოში მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან იოსებ მელითაურთან გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული კანონპროექტის სამუშაო ვერსია განიხილეს, რომელიც მოტივირებული შენიშვნების სახით პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს. აღნიშნული სამუშაო ვერსია სავალუტო ფონდის ორი პროგრამის Safeguard-ისა და FSAP-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიქმნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ გიორგი აბაშიშვილმა ეფექტური კონსულტაციების უზრუნველყოფისთვის ინფორმაცია მიაწოდა აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელს საქართველოში ქეით ჯულიანის.

პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი კანონპროექტის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით მომავალ კვირას არასამთავრობო ორგანიზაციების, კომერციული ბანკების და ბიზნეს ასოციაციების წარმომამადგენლებთან, ასევე ეკონომიკის საკითხებში ექსპერტებთან  და ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს წევრებთან გამართავს კონსულტაციებს.

ცნობილია, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია აღარ ექნება, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.

კანონპროექტის მიხედვით საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი, უქმდება. განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტების წესს და მისი ხელმძღვანელის არჩევას.

ცვლილებებს მკვეთრად უარყოფითად აფასებს საქართველოში აკრედიტებული ოთხი უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაცია. მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს. ორგანიზაციები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოტანასთან დაკავშირებით და აღნიშნავენ, რომ ეს რეფორმა საქართველოს საფინანსო სექტორს დააზიანებს. წერილში ნათქვამია, რომ დაგეგმილი ცვლილებები საქართველოს მიმართ ინვესტორთა ნდობაზეც მოახდენს უარყოფით გავლენას.

აღსანიშნავია, რომ საბანკო ზედამხედველობა საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა.

კომენტარები