NASA

NASA-მ „დედამიწა 2.0“ აღმოაჩინა

nasa.gov

NASA-მ დედამიწის მსგავსი პლანეტის აღმოჩენის შესახებ განაცხადა. „დღეს ჩვენ ვაცხადებთ ახალი ექსოპლანეტის აღმოჩენის შესახებ, რომელიც, შეიძლება ვთქვათ, დედამიწის ახლო ნათესავია, მასთან ყველაზე ახლოს დგას. ეს არის დედამიწა 2.0", - განაცხადა ბრიფინგზე 23 ივლისს NASA-ს სამეცნიერო მისიების ადმინისტრატორის თანაშემწე ჯონ გრინსფელდმა. 

როგორც ბრიფინგზე პროექტ Kepler-ის მონაცემთა ანალიზის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯონ ჯენკინსმა აღნიშნა, პლანეტა სახელწოდებით Kepler 452b ზომით დედამიწაზე 1,5-ჯერ დიდია. ვარსკვლავი, რომლის გარშემოც პლანეტა ბრუნავს, მზის მსგავსია, წელიწადიც პლანეტაზე თითქმის დედამიწის წელიწადს უტოლდება.

Kepler 452b დედამიწიდან 1400 სინათლის წელიწადის მანძილზე, გედის თანავარსკვლავედში მდებარეობს. ვარსკვლავი Kepler 452b დაახლოებთ ექვსი მილიარდი წლისაა, რაც მზის ასაკს მილიარდ-ნახევარი წლით აღემატება.

ჯონ ჯენკინსის თქმით, პლანეტის ზომა და მისი დაშორება ვარსკვლავისგან იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მასზე პოტენციურად შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს. მისი თქმით, პლანეტა მილიარდობით წლის მანძილზე ე. წ. სიცოცხლის ზონაში იმყოფებოდა, ეს კი ნიშნავს მასზე მოცემულ მომენტში, ან წარსულში სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას.

ეს დედამიწის ტიპის პლანეტის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა. პირველი ე. წ. ექსოპლანეტა - მზის სისტემის გარეთ მდებარე პლანეტა, 1992 წელს აღმოაჩინეს. კოსმოსური ტელესკოპის Kepler-ის მეშვეობით ექსოპლანეტებზე დაკვირვება 2009 წლიდან მიმდინარეობს. მისია Kepler-ის ამოცანა დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოჩენაა, რომლებზეც სიცოცხლის არსებობა არის შესაძლებელი. მისიის ფარგლებში სულ 1000 ექსოპლანეტა იქნა შესწავლილი.

ჯენკინსის ვარაუდით, ჩვენს გალაქტიკაში Kepler 452b ტიპის კიდევ მრავალი პლანეტა უნდა არსებობდეს.

 

კომენტარები