საბანკო ზედამხედველობა

აბაშიშვილი: ვმუშაობთ საბანკო ზედამხედველობის კანონპროექტის სამუშაო ვერსიაზე

გიორგი აბაშიშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების ხელმოწერას არ აპირებს და ვეტოს დადებისთვის ემზადება. პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, პრეზიდენტი წარმოდგენილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებს. აბაშიშვილის თქმით, ადმინისტრაცია მუშაობს კანონპროექტის სამუშაო ვერსიაზე, რომელიც სავალუტო ფონდის ორი პროგრამის "Safeguard"-ისა და "FSAP"-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიქმნა. მისივე ინფორმაციით, მომდევნო ათი დღის განმავლობაში კანონპროექტის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს. აბაშიშვილი კვლავ აცხადებს, რომ კანონი ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გუშინ ხელმოსაწერად შემოვიდა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას.

საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გამოთქმულა ნეგატიური პოზიცია, პირველ რიგში პროცესზე, თუ როგორ განვითარდა და მოხდა აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება, ასევე, როგორ გრძელდებოდა ეს პროცესი. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც იყო ასოცირების დღის წესრიგის დარღვევა და, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის განკარგულების დარღვევა, რომელსაც პრემიერმინისტრი აწერდა ხელს.

ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი პროფესიული არგუმენტი, თუ რატომ ხდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკიდან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ წარმატებულად შეფასებული საბანკო ზედამხედველობის გამოყოფა.

დღეს როდესაც, უკვე მესამე მოსმენით მიღებულ ჩვენთვის ხელმოსაწერად გადმოცემულ კანონსპროექტს ვეცნობით, ნათლად ჩანს, რომ ჩვენ მიერ დასმული კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია. პრეზიდენტის დავალებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდით მიმდინარე პროცესს და ყველა შესაბამის ეტაპზე ძალიან ღიად ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას. დღესაც ვაცხადებ, რომ კანონი ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.

საქართველოს პრეზიდენტი წარმოდგენილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებს. ჩვენთვის წარმოდგენილ კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნების კანონპროექტის სახით ჩამოსაყალიბებლად, შემუშავდა კანონპროექტის სამუშაო ვერსია, რომელიც მოტივირებული შენიშვნების სახით უნდა გაეგზავნოს პარლამენტს. აღნიშნული სამუშაო ვერსია შეიქმნა სავალუტო ფონდის ორი პროგრამის "Safeguard"-ისა და „FSAP"-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

პრეზიდენტის დავალებით, ვიწყებ ათდღიან პროცესს, რომ ვაწარმოო შესაბამისი კონსულტაციები ხსენებული კანონპროექტის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით. ეფექტური კონსულტაციების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის 2.5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, დოკუმენტს ვუგზავნი ევროკავშირის წარმომადგენლობას, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომელთა მოსაზრებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კანონპროექტის სამუშაო ვერსია ეგზავნება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების, აზიის განვითარებისა და მსოფლიო ბანკებსაც.

ასევე, ათი დღის განმავლობაში გავმართავ კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესასოციაციებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე ეკონომიკის ექსპერტებთან, ეს არიან ჯგუფები, რომლებიც ყველაზე ნეგატიურად აფიქსირებდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განსახორციელებელ ცვლილებებს. პროცესის დასასრულს, მომდევნო კვირაში საქართველოს ეროვნულ ბანკში გავმართავ შეხვედრას ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს საბჭოს წევრებთან",- თქვა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები