მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი მოლდოვის პრემიერად მის შესაძლო დანიშვნას უარყოფს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა მოლდოვის პრემიერმინისტრად მისი შესაძლო დანიშვნა უარყო. ოდესის გუბერნატორმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მოლდოველ ჟურნალისტთან მიმოწერა გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ მოლდოვას წარმატებას უსურვებს, მაგრამ იგი არ არის სახელმწიფო მოხელე გამოძახებით და მუშაობის გაგრძელებას უკრაინაში აპირებს.

იმის შესახებ, რომ მოლდოვის პრემიერად სააკაშვილი ინიშნება, ქალაქ ბელცის მერმა, პრორუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რენატო უსატიმ მოსკოვში ჩაწერილ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უსატის ეს განცხადება მოლდოვაში მიმდინარე მოლაპარაკების ფონზე გაკეთდა. მმართველი პროევროპული კოალიცია წუხელ ღამით საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა. პრემიერის კანდიდატურა ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა შეთანხმების თანახმად მას ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი დაიკავებს. როიტერის ცნობით, შესაძლოა თანამდებობა მოქმედმა პრემიერმა ნატალია გერმანმა შეინარჩუნოს, ამ პოსტზე განათლების მინისტრი მაია სანდუც განიხილება.

 

კომენტარები