ენგურჰესი

ენგურჰესმა ნორვეგიულ კომპანია Statkraft-ს 400 ათასი კარბონ კრედიტი მიყიდა

flickr.com/photos/ebrd

ენგურჰესმა 400 ათასზე მეტი კარბონ კრედიტი ნორვეგიულ კომპანია Statkraft-ს მიყიდა, გარიგების შედეგად შპს ენგურჰესი დამატებით ფინანსურ სარგებელს მიიღებს. 

სახელმწიფოს კუთვნილმა კომპანია შპს ენგურჰესმა კარბონ კრედიტების გაყიდვის შესაძლებლობა განხორციელებული ინვესტიციების სანაცვლოდ მიიღო, რის შედეგადაც პროექტი 2012 წელს კიოტოს სუფთა განვითარების პროტოკოლში (CDM) მოხვდა. შპს ენგურჰესს კარბონ კრედიტების გაყიდვაში EBRD დაეხმარა. EBRD-მა ასევე დააფინანსა ენგურჰესის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა 15%-ით გაიზარდა. ენგურჰესი ამჟამად საქართველოში მოხმარებული ენერგიის 40%-ს აწარმოებს. 

Statkraft კი ნორვეგიის სახელმწიფო ენერგოსისტემაა, რომელიც კარბონ კრედიტებს მის კუთვნილებაში არსებული რამდენიმე თბოელექტროსადგურის კარბოემისიების შემცირების მიზნით ყიდულობს. კომპანია ენგურჰესისგან 2013-2014 წლებში პირობითად წარმოებულ კარბონ კრედიტებს იყიდის. ერთი კარბონ კრედიტი ერთი ტონა ნახშირბადის დიოქსიდის ან სხვა სათბური აირების წარმოების ტოლფასია. ნორვეგიაში კარბონ კრედიტებით 2005 წლიდან ვაჭრობენ. 

კიოტოს პროტოკოლის ხელმომწერ ქვეყნებში კომპანიებს აქვთ ვალდებულება, რომ საკუთარი კარბოემისიები მაქსიმალურად შეამცირონ, ამ შემცირების ერთ-ერთი გზა კი ემისიების პირობითი გაყიდვაა, რაც კარბონ კრედიტების გაცვლაში აისახება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიოტოს პროტოკოლის რატიფიცირება არ მოახდინა, რადგანაც ეს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას შეამცირებდა, რადგანაც ის კომპანიებს ავალდებულებს, რომ კარბოემისიები შეამცირონ ან გაყიდონ, რაც ორივე შემთხვევაში წარმოების გაძვირებას იწვევს. კარბონ კრედიტის გაყიდვის დროს კომპანია კარბოემისიების შემცირების გაყიდვის გზით დამატებით ფინანსურ შემოსავალს იღებს.

კიოტოს პროტოკოლი 1997 წელს მიიღეს, პროტოკოლის მიზანი კლიმატის ანთროპოგენური მიზეზებით ცვლილების შემცირება იყო.

 

კომენტარები