მცოცავი ოკუპაცია

პარლამენტი საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით, ორ რეზოლუციას განიხილავს

საქართველოს პარლამენტი

დღეს პარლამენტის ძველ შენობაში ევროინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებულ რეზოლუციას განიხილავდნენ.

ენმ-ს რეზოლუციის მიხედვით, საქართველომ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ უნდა მოახდინოს საერთაშორისო ცივილიზებული საზოგადოების მობილიზება, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოც უნდა მოიწვიონ. დავით დარჩიაშვილის თქმით, მთავრობამ აბაშიძე კარასინის ფორმატიც უნდა გააუქმოს.

გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას პარლამენტის კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია თავისუფალი დემოკრატებიც ეთანხმება. პარტიის წევრის, ვიქტორ დოლიძის თქმით, ის ფაქტი, რომ საოკუპაციო ძალები თითქმის აკონტროლებენ ქვეყნის მთავარ არტერიას, უკვე იძლევა უშიშროების საბჭოს მოწვევის მიზეზს.

საკუთარი რეზოლუციის ტექსტი მოამზადა საპარლამეტო უმრავლესობამაც. პროექტის მიხედვით, რუსი შეიარაღებულების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. უმრავლესობის პროექტში გამოყენებულია ტერმინი ადმინისტრაციული საზღვარი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეზოლუცია კი, მას საოკუპაციო ხაზს უწოდებს. უმცირესობის წევრის გია ბარამიძის თქმით, საქართველოს პარლამენტმა სიტყვა საზღვარი არ უნდა გამოიყენოს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისს გადმოსწიეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი და ადგილობრივი მოსახლეობის მიწები.

კომენტარები