სამინისტროების რეკლამა

TI: სამინისტროებმა 5 თვეში სატელევიზიო რეკლამაზე მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს

სამინისტროებმა და მათ დაქვემდებარებაში მყოფმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა 2015 წლის იანვარ-მაისის პერიოდში სარეკლამო რგოლების დამზადებასა და სხვადასხვა ტელევიზიებში მათ განთავსებაზე მილიონზე მეტი ლარი დახარჯეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ავრცელებს.

TI-ის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-მაისის პერიოდში სახელმწიფომ სარეკლამო რგოლების დამზადებაში ჯამში 199,521 ლარი დაიხარჯა, განთავსებში კი - 902,559 ლარი.

საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველომ სამინისტროების სარეკლამო დანახარჯებზე ინფორმაცია თავად სახელმწიფო უწყებებიდან და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პლატფორმიდან მოიპოვა. ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების სამინისტრომ, ასევე იუსტიციის სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წერილებზე არასამთავრობო ორგანიზაციას არ უპასუხა.

„ყველაზე ძვირადღირებული სარეკლამო კამპანია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ განახორციელა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ბიზნესფორუმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის ვიდეორგოლის დამზადება 43,000 ლარი დაჯდა, მისი ტელეეთერებზე განთავსება კი 463,352 ლარი. სსიპ მეწარმოების განვითარების სააგენტომ პროგრამა „აწარმოე საქართველოსთვის" პოპულარიზაციისათვის 52,000 ლარის ღირებულების ორი ვიდეორგოლი დაამზადა, რომელთა ეთერში განთავსებაც უწყებას 185,667 ლარი დაუჯდა. განათლების სამინისტროს სარეკლამო რგოლის განთავსება კი, რომელიც განათლების სფეროში არსებულ მდგომარეობას აღწერს, სამინისტროს 124,495 ლარი დაუჯდა. თავად ვიდეორგოლი 8,870 ლარად დამზადდა", - ნათქვამია განცხადებაში.

TI-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სამინისტროებისა და სსიპ-ების სარეკლამო რგოლების უმეტესობა სოციალური რეკლამის სტატუსით უფასოდ არ განთავსდა. კომერციულმა არხებმა უფასოდ მხოლოდ ორი სარეკლამო რგოლი განათავსეს - ჯანდაცვის სამინისტროს ვიდეორგოლი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ და გარემოს დაცვის სამინისტროს ვიდეორგოლები ჯარიმებზე მოქალაქეების ინფორმირების თაობაზე.

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა სახელმწიფო უწყებების რეკლამებიდან 376,155 ლარი მიიღო. მეორე ადგილზე ტელეკომპანია იმედია, რომელსაც 308,472 ლარი გადაუხადეს. მესამეზე კი 105,051 ლარით მაესტროა.

„მსხვილი ტელევიზიებისთვის სახელმწიფო უწყებებიდან რეკლამის განთავსების შედეგად მიღებული თანხა მათი შემოსავლის დიდ წილს არ წარმოადგენს. ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ისთვის სამინისტროებიდან და სსიპ-ებიდან ნახევარი წლის განმავლობაში მიღებული თანხა არხის 2015 წლის I კვარტლის შემოსავლის 3%-ია, ტელეკომპანია „იმედისთვის" - 6.5%, „მაესტროსთვის" კი დაახლოებით 10%", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები