მობილური ტელეფონი

გასულ წელს საქართველოში $148 მილიონის ღირებულების მობილურები გაიყიდა

iPhone 6
theverge.com

2014 წლის განმავლობაში საქართველოში სულ 1.46 მილიონი ცალი მობილური ტელეფონი გაიყიდა, რომლის საერთო ღირებულებამაც $148 მილიონი ანუ 335 მილიონი ლარი შეადგინა. საშუალოდ მობილურის ღირებულებამ $101 ანუ 227 ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში შეძენილი მობილურების გარკვეული ნაწილი სმარტფონებია. საქართველოში შემოტანილი ელექტრონული ტექნიკის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია საქსტატმა გაავრცელა. 

გასული წლის სექტემბერში მსოფლიოს და საქართველოს ბაზარზე Apple-ის iPhone 6-ისა და iPhone 6+-ის გამოჩენა განსაკუთრებული მოვლენა იყო. სმარტფონმა მსოფლიოში გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა და Apple-ის ბესტსელერად იქცა. თავდაპირველად ამ სმარტფონის გასაყიდი ფასი საქართველოში 10 ათას ლარსაც აჭარბებდა. 2014 წელს მსოფლიოს და ქართულ ბაზარზე ასევე მნიშვნელოვანი იყო Nexus 6-ის, Galaxy Note 4-ისა და Xperia Z3-ის გამოჩენა. შემოტანილ მობილურებში სავარაუდოდ უფრო დიდი ნაწილი არა სმარტფონებს, არამედ მეორე და მესამე თაობის მობილურებს უკავიათ. 

საქართველოს მოსახლეობა უკანასკნელი მონაცემებით 3.7 მილიონს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს მობილურების გამოცვლა ქვეყნის მოსახლეობის 39%-ს შეეძლო.

 

კომენტარები