მცოცავი ოკუპაცია

პრემიერი: ივანიშვილის დამსახურებაა, რომ სწორი პოლიტიკის წარმოება დავიწყეთ

facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრებით, "ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა" ის, რომ მთავრობამ კონსტრუქციული პოლიტიკის წარმოება დაიწყო და მაქსიმალურად შეუწყო ხელი რეგიონში სიტუაციის დეესკალაციას. ამის შესახებ მან დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"რაც შეეხება საოკუპაციო ზოლს და იქ მიმდინარე პროვოკაციულ მოქმედებებს, მინდა, შეფასება გავაკეთო და პოლიტიკოსებს მოვუწოდო, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ საკითხებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში. არცერთ ძალას, არავის არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ რაიმე პროვოკაციული გზით მოახდინონ სიტუაციის დაძაბვა რეგიონში. ეს არის კიდევ ერთი შედეგი იმ გაუაზრებელი პოლიტიკის, რომელიც სააკაშვილმა წლების განმავლობაში აწარმოა. ეს არის შედეგი 2008 წლის ომისა, რომელმაც მოგვიტანა ათასობით, 25 000-მდე ახალი დევნილი, იძულებით გადაადგილებული პირი, 100-ზე მეტი დაკარგული სოფელი, დაკარგული დამატებითი ტერიტორიები. ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ვიმკით, რომელსაც ჩვენ ვუმკლავდებით მესამე წელია. სწორედ ჩვენი მთავრობის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ სწორი, კონსტრუქციული პოლიტიკის წარმოება დავიწყეთ და მაქსიმალურად ხელი შევუწყეთ სიტუაციის დეესკალაციას რეგიონში, რითიც, რა თქმა უნდა, ხელი შევუწყეთ ჩვენი ქვეყნის და რეგიონის სტაბილურობას.

მინდა, ხაზგასმით ავღნიშნო ჩვენი მთავრობის კონსტრუქციული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში - თქვენ კარგად გახსოვთ, როგორ კონსტრუქციულად და სწორად მოვიქეცით, როდესაც სოჭის ოლიმპიადა გაიმართა. მოგეხსენებათ, რომ მაშინ ჩვენ უსაფრთხოების საკითხებშიც ვიყავით ჩართული აქტიურად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად - ამერიკელებთან, ევროპელებთან ერთად, რუსებთან ერთად. ასე რომ, ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილ და კონსტრუქციულ პოლიტიკას ვაწარმოებთ. რაც მთავარია, არასოდეს შევეგუებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, ეს არის ჩვენი პრინციპული მიდგომა, რომელიც არასოდეს შეიცვლება. არაფრის ფასად არ ვაპირებთ, რომ რაიმე კომპრომისზე წავიდეთ, მით უმეტეს იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენს აფხაზეთს და სამაჩაბლოს ეხება.

თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებია, რომლებსაც თანმიმდევრულად, სწორი და გააზრებული, ჭკვიანური პოლიტიკით უნდა გავუმკლავდეთ და არა უპასუხისმგებლო, ემოციური, გაუაზრებელი ყვირილითა და ხმაურით. ბოლო სამი წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ მართლაც გვსურს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგება და ჩვენი პოლიტიკა სწორედ ამისკენ არის მიმართული. ჩვენ სააშკარაოზე არ გამოგვაქვს მთელი რიგი ის დადებითი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით ამ მიმართულებით, შერიგების მიმართულებით. ეს არის იარა, რომელიც წლების განმავლობაში გაღრმავდა. ამას სჭირდება ძალიან ფრთხილი, ძალიან ჭკვიანური მოპყრობა, რომელიც მოითხოვს დროს. ჩვენი მთავრობა არ დაუშვებს არავითარ პროვოკაციას და მაქსიმალურად მშვიდად გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ბერკეტს, პრინციპულად გამოვიყენებთ", - თქვა პრემიერმინისტრმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისს გადმოსწიეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მიწები.

 

კომენტარები