მცოცავი ოკუპაცია

ევროკავშირი: მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

რუსი მესაზღვრეების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს ევროკავშირი ეხმაურება. განცხადებაში წერია, რომ ნაბიჯები, რომლებიც პროვოკაციულად შეიძლება, იყოს აღქმული, თავიდან უნდა აიცილონ. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"ადმინისტრაციულ საზღვართან ახალი სადემარკაციო ნიშნების დამონტაჟებამ რეგიონში დაძაბულობა გამოიწვია, რასაც ნეგატიური გავლენა ექნება ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ საცხოვრებელ პირობებსა და თავისუფალ გადაადგილებაზე.

ნაბიჯები, რომლებიც პროვოკაციულად შეიძლება, იყოს აღქმული, აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული, ისევე, როგორც ნებისმიერი ქმედება, რაც აფერხებს ვითარების სტაბილიზაციისთვის მიმართულ ძალისხმევას.

ევროკავშირი და მისი სადამკვირვებლო მისია(EUMM) სიტუაციას თვალს ყურადღებით ადევნებს. დაძაბულობის შემცირების მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთ თავშეკავებისა და არსებული მექანიზმების, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გამოყენებისკენ.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერია განცხადებაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისს გადმოსწიეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი და ადგილობრივი მოსახლეობის მიწები.

კომენტარები