მცოცავი ოკუპაცია

18 ივლისს, მთავრობის კანცელარიასთან აქცია - Stop Russia გაიმართება

radiotavisupleba.ge

შაბათს, 18 ივლისს, 18:00-ზე, მთავრობის კანცელარიასთან აქცია სახელწოდებით - Stop Russia გაიმართება. აქციის მოთხოვნებია: 1. შეწყვიტოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან პირისპირ საუბარი. 2. ყველა მოლაპარაკება მოსკოვთან წარიმართოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით. 3. პარლამენტმა მიიღოს კანონი კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ

"რუსეთი ჩვენი ქვეყნის დაპყრობას აგრძელებს როგორც ხისტი, ისე რბილი ძალის მეშვეობით. ახალ-ახალ ტერიტორიებს ვკარგავთ. პუტინის ევრაზიული კავშირის მხარდამჭერი რიტორიკა კი, უფრო და უფრო აგრესიული ხდება. ამ დროს, ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ "განსაკუთრებული არაფერი ხდება". იმისთვის, რომ მმართველ ძალას საქართველოს ხელახალი გასაბჭოების პროცესის განსაკუთრებული მიუღებლობა შევაგნებინოთ, შევიკრიბოთ საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან შაბათს, 18 ივლისს, 18:00 საათზე", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციას უერთდებიან ტაბულა, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, მედიის განვითარების ფონდი, რუსთავი 2, თავისუფლების ინსტიტუტი, ფონდი ALPE, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI, ჩვენი თავისუფლება.

10 ივლისს, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განახლდა. მას შემდეგ, რაც შიდა ქართლში "საზღვრის" აღმნიშვნელი ახალი ბანერები გამოჩნდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი, რომლის ოპერირებასაც BP ეწევა. საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შემდგომ ადგილობრივი მოსახლეობის მიწები ე.წ. საზღვარს მიღმა ექცევა.

 

კომენტარები