მცოცავი ოკუპაცია

საპატრიარქო: ასეთი ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ყოვლად მიუღებელია

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო საოკუპაციო ხაზის გადმოწევას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დიდ შეცდომად და ყოვლად მიუღებელ ნაბიჯად აფასებს. საპატრიარქოს სახელით განცხადება დღეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია გვაზავამ გააკეთა. 

"ცნობილი გახდა, რომ ახლახან ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებულ დე ფაქტო საზღვრის ხაზი კვლავ გადმოიწია. ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მიტაცების უკვე მერამდენე მცდელობაა. არაერთხელ აღგვინიშნავს და კვლავ გავიმეორებთ, რომ ასეთი ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დიდ შეცდომად და ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია. ვფიქრობთ, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობა, რომ საქართველომ შეძლოს თავი დაიცვას მსგავსი შემოტევებისგან", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 

ცნობისთვის, 10 ივლისს, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განახლდა. მას შემდეგ, რაც შიდა ქართლში "საზღვრის" აღმნიშვნელი ახალი ბანერები გამოჩნდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი, რომლის ოპერირებასაც BP ეწევა. 

საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შემდგომ ადგილობრივი მოსახლეობის მიწები ე.წ. საზღვარს მიღმა ექცევა.

კომენტარები