მცოცავი ოკუპაცია

საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით ინფორმაცია დიპლომატებს გააცნეს

საგარეო საქმეთა სამინისტროში საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით ინფორმაცია დიპლომატიური კორპუსის წევრებს გააცნეს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ელჩებს მათ ვიდეო და ფოტომასალაც აჩვენეს. შვეიცარიის ელჩის თქმით, ის საქართველოს ოფიციალურ პოზიციას მოსკოვს გააცნობს. ელჩებმა ასევე აღნიშნეს, რომ ვითარებას ისინი ადგილზეც გაეცნობიან. შეხვედრას არ დასწრებია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. ე.წ საზძვრის გადმოწევასთან დაკავშირებით რიჩარდ ნორლანდმა კომენტარი მცხეთაში გააკეთა.

"საგარეო საქმეთა სამინისტრომ გვაცნობა ახალი ბანერების დამონტაჟების შესახებ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს ადგილი, როგორც ვიცით, ახლოსაა გზასთანაც და სუფსის მილსადენთანაც. ინფორმაცია მოგვაწოდა შვეიცარიულმა მხარემაც. ვაპირებთ მის გადამოწმებას და ქართული მხარის გზავნილის გადაცემას. გვჭირდება ახსნა-განმარტების მოცემა რუსეთისგანაც. გაკვირვებული ვართ ამ ქმედებებით" - თქვა შვეიცარიის ელჩმა საქართველოში გიუნტერ ბეხლერმა.

"დეტალურად შევისწავლით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. დიდ ყურადღებას დავუთმობთ ქართული მხარის განცხადებას. აქ მუშაობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც და შესაბამის განცხადებას ისინიც გააკეთებენ. მოვისმენთ ორივეს პოზიციას და შეფასებასაც გავაკეთებთ" - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა.

აშშ-ის ელჩის საქართველოში რიჩარდ ნორლანდის თქმით კი, "რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარზე ტერიტორიის მითვისებას, ერთის მხრივ არაფერი იცვლება, გრძელდება ის, რაც აქამდე ხდებოდა. მეორეს მხრივ, ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დამცირებისა და პროვოცირებისაკენ. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია უცვლელი რჩება, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მოვუწოდებთ, ასეთი რამ არა ძალის გამოყენებით, არამედ მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდეს".

რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი. შეხვედრას ნავთობკორპორაციების წარმომადგენლები და უშიშროების საბჭოს მდივანი დაესწრნენ.  შესაძლებელია ამ საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომას გაიმართოს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს ფუნქცია, როგორც სატრანზიტო ქვეყნის დაკნინებული არ იქნება.

"დეტალურად განვიხილეთ ვითარება, რომელიც ორი დღის წინ ორჭოსანში შექმნა. ჩვენმა სადამკვირვებლო მისიამ ვითარება ადგილზე შეისწავლა და შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ იქ ორი ახალი აბრა გაჩნდა. ეს აბრები ძალიან ახლოს დგას მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან. ჩვენი უცვლელი პოზიციაა, რომ მავთულხლართების გავლება და აბრების დამონტაჟება ადგილობრივებს უზღუდავს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას. ჩვენ გავაგრძელებთ ადგილზე მონიტორინგს და ინფორმაცია ბრიუსელს მივაწოდებთ" - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა კესტუტის იანკაუსკასმა.

ორი დღის წინ კი საოკუპაციო ხაზზე სამუშაოები განახლდა. მას შემდეგ, რაც შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელი ახალი ბანერები გამოჩნდა, ცხადი გახდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბაქო-სუფსას მილსადენის ნაწილი მოექცა, რომლის ოპერირებასაც BP ეწევა. საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შემდგომ ადგილობრივი მოსახლეობის მიწები ე.წ. საზღვარს მიღმა ექცევა.

კომენტარები