ლიკა კიკიანის საქმე

სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, ლიკა კიკიანს მრავლობითი დაზიანებები აქვს

tabula

ლიკა კიკიანს, რომელიც სამართალდამცავებს ძალადობაში ადანაშაულებს, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება - ნათქვამია სამედიცინო დასკვნაში, რომელიც ლიკა კიკიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, სამედიცინო ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა მოამზადა.

დასკვნის მიხედვით, დაზიანებები ბლაგვი საგნითაა მიყენებული და მძიმე არ არის, თუმცა მრავლობითია. ასევე აღნიშნულია, რომ ლიკა კიკიანმა ეს დაზიანებები სწორედ იმ პერიოდში მიიღო, რასაც ის თავის განცხადებაში მიუთითებს.

ამასთან, დასკვნაში წერია, რომ ლიკა კიკიანის სიმთვრალის ხარისხი მსუბუქზე დაბალი იყო.

ადვოკატის თქმით, ეს დასკვნა, სხვა გარემოებებთან ერთად, საკმარისი საფუძველია, რომ ლიკა კიკიანი დაზარალებულად ცნონ.

ჯერჯერობით უცნობია, დაემთხვევა თუ არა დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას.

კიკაინი და მისი ადვოკატი ამ დოკუმენტს პროკურატურაში ხვალ წარადგენენ.

კლუბ ვიტამინის მენეჯერის ლიკა კიკიანის მტკიცებით, 6 ივლისს, ღამით, კუს ტბაზე პოლიციელებმა სცემეს და ტელეფონი დაუმტვრიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ამ ინფორმაციაზე მოკვლევა მალევე დაასრულა და დაასკვნა, რომ კიკიანის ცემის ფაქტი არ დასტურდება. მოგვიანებით კიკიანის მიმართვის საფუძველზე გამოძიება თბილისის პროკურატურამ დაიწყო.

კომენტარები