ლიკა კიკიანის საქმე

ომბუდსმენი ლიკა კიკიანზე: სამსახურებრივი შემოწმება ადეკვატური რეაგირება არაა

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, 2015 წლის 8 ივლისს მოქალაქე ლიკა კიკიანის საქმის საკუთარი ინიციატივით შესწავლა დაიწყო.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოქალაქე ლიკა კიკიანის საჯარო განცხადებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება სამართალდამცავების მიერ მოქალაქის მიმართ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზე ადეკვატური რეაგირება არ არის. საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციით, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება გამოძიების დაწყების ნაცვლად, უგულებელყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

"პირის განცხადება მის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ძალადობის თაობაზე შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–100 მუხლის შესაბამისად, გამოძიების დაწყების ვალდებულებას აწესებს. სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება დანაშაულის ფაქტზე (მათ შორის, პოლიციელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში) განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება: დაიწყოს და ჩაატაროს ეფექტიანი, ზედმიწევნითი, სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, რომელიც მართლმსაჯულების განხორციელებისკენ უნდა იყოს მიმართული", - აცხადებს სახალხო დამცველი.

ამასთან, დღეს, თბილისის პროკურატურამ კლუბ ვიტამინის მენეჯერის ლიკა კიკიანის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს.

კლუბ ვიტამინის მენეჯერის ლიკა კიკიანის მტკიცებით, კვირას ღამით, კუს ტბაზე პოლიციელებმა სცემეს და ტელეფონი დაუმტვრიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ კლუბ ვიტამინის მენეჯერის ლიკა კიკიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მოკვლევა გუშინ დაასრულა. შსს-ს განცხადებით, კიკიანის ცემის ფაქტი არ დასტურდება.

 

კომენტარები