სახელმწიფო შესყიდვები

TI: სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამოწვევად გამარტივებული შესყიდვები რჩება

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამოწვევად გამარტივებული შესყიდვები რჩება. ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებულმა ძირეულმა რეფორმებმა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალედ აქცია, რასაც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მაღალი შეფასება მისცეს, თუმცა, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ღიაობა და გამჭვირვალობა ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ სისტემა ასეთივე წარმატებით უზრუნველყოფს სახსრების დაზოგვას, სათანადო კონკურენციას და ა.შ.

"ახალ ანგარიშში "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" წარმოგიდგენთ 2013-2014 წლებში სახელმწიფო შესყიდვების კუთხით გამოვლენილ საინტერესო ტენდენციებს, პრობლემებს და მათი გადაჭრის კონკრეტულ გზებს.

გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები

- გამარტივებული შესყიდვა გამოიყენება 5 000 ლარამდე ღირებულების საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვისას ან მაშინ, როდესაც ეს მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა. გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში უმთავრესი პრობლემა კანონით დაშვებული ის არაერთი გამონაკლისია, როცა შეიძლება შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელება;

- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვების გზით 2014 წელს 915.7 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც მთლიანი შესყიდვების 32%-ია. მისასალმებელია, რომ გამარტივებული შესყიდვების წილი მთლიან შესყიდვებში ბოლო წლების განმავლობაში იკლებს, 2012 წელს ეს მაჩვენებელი 45% იყო, ხოლო 2013 წელს – 39%. ამის მიუხედავად, აუცილებელია გამარტივებული შესყიდვების წილის კიდევ უფრო შემცირება;

- 2013-2014 წლებში გამარტივებული შესყიდვების გზით 604.5 მლნ ლარის ოდენობის სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოების კატეგორია გასულ წლებშიც პირველ ადგილზე იყო გამარტივებული შესყიდვების კუთხით. ამ კატეგორიაში, გამარტივებული შესყიდვების წილის შემცირება აშკარა აუცილებლობას წარმოადგენს;

- 2013-2014 წლებში ყველაზე მსხვილ შემსყიდველებს შორის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი კომპანიები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ჭარბობენ. ყველაზე მსხვილი შემსყიდველი შპს „გარდაბნის თბოსადგურია", რომელმაც ორი წლის განმავლობაში 275 მლნ ლარზე მეტი ღირებულების გამარტივებული შესყიდვები განახორციელა;

- შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების მიერ განხორციელებული გამარტივებული შესყიდვები ელექტრონულ სისტემაში (CMR მოდული) პლატფორმის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არ არის. სისტემაში არ იყო ხელმისაწვდომი ასევე თავდაცვის სამინისტროსა და მისი უწყებების გამარტივებული შესყიდვები;

- 2013-2014 წლებში ყველაზე მსხვილ მიმწოდებლებს შორისაც საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი კომპანიები არიან. ჯამში, მათ მიერ მიღებული შემოსავალი ორი წლის მთლიანი გამარტივებული შესყიდვების დაახლოებით 15%-ია;

- სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა საწარმოებმა 2013-2014 წლებში გამარტივებული შესყიდვებიდან დაახლოებით 188.6 მლნ ლარის შემოსავლები მიიღეს. აქედან 112.7 მლნ ლარი 2013 წელზე მოდიოდა, დანარჩენი კი – 2014 წელზე. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიებთან გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გაფორმება კერძო სექტორს შესაძლოა არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებდეს. ბუნდოვანია, თუ რა ნიშნით მიენიჭა უპირატესობა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიებს;

- 2013 წელს გამარტივებული შესყიდვების დაახლოებით 66% მთავრობის/პრეზიდენტის ნებართვით განხორციელდა, 2014 წელს კი – გამარტივებული შესყიდვების დაახლოებით 58% მთავრობის ნებართვით გაფორმდა (2013 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ პრეზიდენტს ეს უფლება ჩამოერთვა). მთავრობის ნებართვით განხორციელებული ზოგიერთი შესყიდვა, განსაკუთრებით, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვები, სასურველია, რომ კონკურენტული ტენდერების საშუალებით განხორციელებულიყო. თუ შესყიდვა ნამდვილად გადაუდებელი აუცილებლობითაა (მაგ., ბუნებრივი კატასტროფა) გამოწვეული, მაშინ, შესყიდვის საფუძველშიც შესაბამისი ჩანაწერი უნდა იყოს, მთავრობის ნებართვით განხორციელებული გამარტივებული შესყიდვები კი მიუთითებს, რომ ასეთ აუცილებლობას ხშირ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამის შედეგად, არ იქმნება ჯანსაღი კონკურენცია და ვერც სახელმწიფო ახერხებს თანხების დაზოგვას;

- 2013-2014 წლებში რამდენიმე თანამდებობის პირთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საკმაოდ მსხვილი შემოსავლები მიიღეს გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით. განსაკუთრებით საგულისხმოა ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის ვალერი გელაშვილისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის აკაკი მაჭავარიანის შემთხვევები, როდესაც კომპანიები ისეთი უწყებებისგან იღებდნენ ხელშეკრულებებს, რომლებთანაც თანამდებობის პირები პირდაპირ არიან დაკავშირებულნი;

- "ქართული ოცნების" შემომწირველებთან პირდაპირ კავშირში (დირექტორი, მფლობელი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი) მყოფმა კომპანიებმა გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით 2013-2014 წლებში 5.6 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, იმავე პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში კი ეს თანხა დაახლოებით 140 000 ლარი იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრობლემა გაცილებით უფრო მწვავე იყო 2011-2012 წლებში, კერძოდ, 2012 წელს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შემოწირულებების სახით 6.6 მილიონი ლარი მიიღო სწორედ იმ პირებისაგან, რომელთა კომპანიებმაც სახელმწიფოსგან გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების მეშვეობით 160 მლნ ლარი მიიღეს (იმავე კომპანიებმა 2011 წელს იგივე გზით 110 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს).

ელექტრონული ტენდერები

- ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ელექტრონული ტენდერი ცხადდება 200 000 ლარის ან მეტი ღირებულების შესყიდვის შემთხვევაში, ხოლო გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – 200 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის შემთხვევაში:

- ელექტრონული ტენდერების გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მთლიანმა მოცულობამ 3.132 მლრდ ლარი შეადგინა (ელექტრონული ტენდერი ცხადდება 200 000 ლარის ან მეტი ღირებულების შესყიდვის შემთხვევაში, ხოლო გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – 200 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის შემთხვევაში). აქედან, 2013 წელს 1.428 მლრდ ლარის ღირებულების შესყიდვები განხორციელდა, 2014 წელს კი – 1.704 მლრდ ლარის. ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გზით დახარჯულმა თანხამ 2014 წელს სახელმწიფო შესყიდვებში დახარჯული მთლიანი თანხის დაახლოებით 60%, 2013 წელს კი – 51% შეადგინა;

- ელექტრონული ტენდერების გზით 42 404 ხელშეკრულება დაიდო. ამათგან, 33 984 ხელშეკრულებაში (80%) მათი გაფორმების შემდეგ ცვლილება არ შესულა, 5 753 (13.5%) კონტრაქტში ერთი ცვლილება შევიდა, 1 604 ხელშეკრულებაში (3.7%) – ორი, დანარჩენ 1 063 შემთხვევაში (2.8%) კი – სამი ან მეტი;

- ელექტრონული ტენდერების გზით დადებული 42 404 ხელშეკრულებიდან 5 644 შემთხვევაში (13,3%) დაბალი კონკურენცია (მხოლოდ ერთი მონაწილე) იყო. ასევე, ელექტრონული ტენდერის გზით დადებულ 44 ხელშეკრულებაში (0.1%) განხორციელებული ცვლილების შემდეგ, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულებამ ტენდერში დამარცხებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ ფასს გადააჭარბა;

ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულთა შორის საყურადღებოა ისეთი კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობის პირებთან არიან დაკავშირებული. ასეთ კომპანიებად განიხილება კომპანიები, რომლებიც თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებში ფიგურირებს. ასეთი თანამდებობის პირებს შორის მოხვდნენ: დავით გალეგაშვილი – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; ნუგზარ სურმანიძე – აჭარის ა/რ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი; გიორგი თოფაძე – პარლამენტის წევრი; გოჩა ენუქიძე – პარლამენტის წევრი; ჯემალ ფუტკარაძე – აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი; გიორგი ზედელაშვილი – შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე", - წერია ანგარიშში.

 

კომენტარები