ფულადი გზავნილები

ქადაგიძე საბერძნეთზე: ეს საკითხი ჩვენთვის მტკივნეულია სოციალური თვალსაზრისით

საქართველოს ეროვნული ბანკი

საბერძნეთში, სხვადასხვა მონაცემებით, 150 ათასიდან 200 ათასამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. ისინი საკუთარი შემოსავლების გარკვეულ ნაწილს უკან - საქართველოში გზავნიან. თუმცა კრიზისის დაწყების გამო ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, ჯამურად ამ თანხის კლება იმდენად დიდი დანაკლისი შეიძლება არ იყოს, როგორიც ამ პრობლემის სოციალური დატვირთვაა. 

"შეიძლება, პირობითად, ჯამურად 100 მლნ აშშ დოლარის დანაკლისი ფულადი გადმორიცხვების თვალსაზრისით, მაკროეკონომიკურად არ იყოს ძალიან მნიშვნელოვანი თანხა საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ამ პრობლემის სოციალური დატვირთვა გაცილებით დიდია - უამრავი ჩვენი მოქალაქე მუშაობს იქ. რაც ნიშნავს, რომ ათასობით ოჯახის მთავარი შემოსავალი არის გზავნილები საბერძნეთიდან. ამიტომ ეს საკითხი ჩვენთვის, პირველ ეტაპზე, გაცილებით უფრო მტკივნეულია სოციალური თვალსაზრისით, ვიდრე ფულადი ნაკადების შემცირების თვალსაზრისით. საბერძნეთიდან გზავნილების შემცირება ჩვენს პროგნოზებში გათვალისწინებული იყო, თავისთავად ცხადია. თუმცა იმედია, რომ პესიმისტური ვარაუდები არ გამართლდება ევროზონაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომლებსაც, რა თქმა უნდა, გავლენა ექნება როგორც საქართველოზე, ასევე მთლიანად რეგიონზე", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

საბერძნეთში არსებული ეკონომიკური ვითარება და მაღალი უმუშევრობა ამ ქვეყნის ფულად გზავნილებზეც აისახა. 2014 წლის იანვარ-მაისში საბერძნეთიდან საქართველოში სულ $84 მილიონი გადმოიგზავნა, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 18%-ით შემცირდა და $68 მილიონი შეადგინა. საბერძნეთის უმუშევრობის მაჩვენებელი უკანასკნელი მონაცემებით 26%-ს შეადგენს, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2014 წელს იანვარ-მაისში უცხოეთიდან საქართველოში $570 მილიონი გადმოიგზავნა, წელს გაუარსესებული საგარეო ფაქტორების გამო ფულადი გზავნილების შემომავალი ნაკადი 23%-ით შემცირდა და ის $438 მილიონს შეადგენს. 

ფულადი გზავნილების შემცირება ყველაზე მეტად რუსეთიდან შემომავალ გზავნილებზე აისახა. 2014 წელს ფულადი გზავნილების 50% რუსეთზე მოდიოდა, 2015 წლის მაისში კი რუსეთს ფულადი გზავნილების 38% უჭირავს. ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირებულია ასევე იტალიიდან და უკრაინიდან.

 

კომენტარები