საბერძნეთი

ალექსის ციპრასმა რეფერენდუმის შედეგები ვლადიმირ პუტინთან განიხილა

Reuters

დღეს, 6 ივლისს, საბერძნეთის პრემიერმინისტრ ალექსის ციპრასსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა გუშინ გამართული რეფერენდუმის შესახებ ისაუბრეს. რუსული მხარის ინფორმაციით, მხარეებს ფინანსური დახმარების საკითხთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ. 5 ივლისის რეფერენდუმის მონაცემებით, მოსახლეობის 61%-მა მხარი არ დაუჭირა საერთაშორისო კრედიტორების მიერ შეთავაზებულ გეგმას. 

საბერძნეთისა და რუსეთის ურთიერთობები განსაკუთრებით ივნისის ბოლოს გააქტიურდა. პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე ალექსის ციპრასმა და რუსეთის პრეზიდენტმა ხელი ახალი მილსადენის მშენებლობის პროექტს მოაწერეს, რომელიც რუსულ ბუნებრივ აირს ევროპულ ბაზარზე გაიტანს. რუსული მედიის ცნობით, ახალი გაზსადენის მშენებლობა $2.3 მილიარდი დაჯდება და ის ექსპლუატაციაში 2019 წელს შევა. 

რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით, დღეს, 6 ივლისს, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი შეხვედრას გამართავენ. საბერძნეთის კრედიტორები ბრიუსელში მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყებისთვის ემზადებიან. 

იტალიის პრემიერმინისტრმა მატეო რენციმ განაცხადა, რომ საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა ხვალ, 7 ივლისს გაიმართება. დღესვე თანამდებობა დატოვა საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა, მისი თქმით, ის ასეთ შეხვედრებზე არასასურველი პირია და მისი იქ ყოფნა ქვეყნის მდგომარეობისთვის უფრო დამამძიმებელი იქნებოდა. ვარუფაკისი გასული პერიოდის მანძილზე საბერძნეთის კრედიტორების მიმართ განსაკუთრებით კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა, მან 20 ივნისს ისიც განაცხადა, რომ ქვეყანამ "ოდიოზური" ვალები არ უნდა გადაიხადოს.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა სიგმარ გაბრიელმა 5 ივლისს განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგებით ქვეყანამ და მისმა მმართველმა ძალამ კომპრომისის ერთადერთი რეალური გზა გადაჭრეს. სიგმარ გაბრიელის თქმით, ალექსის ციპრასს საბერძნეთის მოსახლეობა უფრო მეტი გაჭირვებისა და უიმედობისკენ მიჰყავს.

საერთაშორისო ანალიტიკოსები უკვე მიანიშნებენ, რომ "არას" გამარჯვების გამო, საბერძნეთის დეფოლტი და ქვეყნის ევროზონიდან გამოსვლა შეიძლება გარდაუვალი იყოს. საბერძნეთმა 30 ივნისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 1.6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი არ გადაიხადა. ამის გამო ქვეყანა ფონდის კლასიფიკაციით ვადაგადაცილებული ვალის მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც ფონდი მას დამატებით ფინანსურ დახმარებას ვალის დაბრუნებამდე აღარ გაუწევს.

საბერძნეთის საგარეო ვალი 317 მილიარდ ევროს აჭარბებს. 

 

კომენტარები