კრიმინალი

შსს-მ თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რამაზ ა. თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ზუგდიდში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული იძულებით გადაადგილებულ პირს - ლოლიტა ბ-ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა და სანაცვლოდ მოსთხოვა 2000 ლარი, ხოლო წინასწარ გამოართვა 250 ლარი.

სამართალდამცველებმა რამაზ ა. თანხის გამორთმევის ფაქტზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას თაღლითური გზით აღებული ფული - 250 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები