საქართველოს ეკონომიკა

მაისში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2.1% იყო

მაისში ეკონომიკური ზრდა 2.1% იყო
საქსტატი

მაისში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2.1% იყო. ეკონომიკური ზრდის ამსახველი სტატისტიკა დღეს საქართველს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა. 2015 წლის იანვარ-მაისში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ სულ 2.5% შეადგინა. აპრილის ეკონომიკური ზრდა მაისთან შედარებით ორჯერ ნაკლები, 0.9% იყო.

საქართველოს მთავრობამ 2015 წლის საპროგნოზო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლად 2015 წელს 5% აიღო, თუმცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დაწყების გამო 5%-იანი ზრდა არარეალური გახდა, რის გამოც მთავრობამ ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში 2015 წლისთვის სამიზნე ეკონომიკურ ზრდად 2% ჩაწერა. წელს საქართველოსთვის 2%-იან ზრდას ვარაუდობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD).

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა 2013 წლიდან ეკონომიკური ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. საქართველოს ეკონომიკა 2014 წელს დაგეგმილზე 0.3%-ით ნაკლებად, 4.7%-ით გაიზარდა. ზრდის ტემპი მაქსიმალური წლის პირველ კვარტალში იყო, როდესაც მან 7.3% შეადგინა. თუკი 2015 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2% იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში ვერ მოხდება დაგეგმილი რაოდენობით გადასახადების მობილიზება, რადგანაც ეკონომიკური აქტივობა შემცირებული იქნება.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3%-ით არის განსაზღვრული. თუკი საქართველოს ეკონომიკა წელს 2%-ით გაიზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებით 1%-ით გაღარიბდება.

საქსტატის მონაცემები წინასწარია და რეალურ კვარტალურ მონაცემს შესაძლოა არ ემთხვეოდეს.

 

კომენტარები