საბერძნეთი

ფულადი გზავნილები საბერძნეთიდან ერთი კვირის მანძილზე აკრძალული იქნება

REUTERS

საბერძნეთში, სხვადასხვა მონაცემებით, 150 ათასიდან 200 ათასამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. ისინი საკუთარი შემოსავლების გარკვეულ ნაწილს უკან - საქართველოში გზავნიან. თუმცა დღეიდან მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში ისინი საერთაშორისო ფულად ტრანსფერებს ვერ შეასრულებენ, რადგანაც ამ დროის მანძილზე საბერძნეთში ბანკები არ იმუშავებენ. ამ ერთი კვირის განმავლობაში მოსახლოებას ბანკომატებიდან ყოველდღიურად მხოლოდ 60 ევროს გამოტანის უფლება ექნება.

საბერძნეთში არსებული ეკონომიკური ვითარება და მაღალი უმუშევრობა ამ ქვეყნის ფულად გზავნილებზეც აისახა. 2014 წლის იანვარ-მაისში საბერძნეთიდან საქართველოში სულ $84 მილიონი გადმოიგზავნა, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 18%-ით შემცირდა და $68 მილიონი შეადგინა. საბერძნეთის უმუშევრობის მაჩვენებელი უკანასკნელი მონაცემებით 26%-ს შეადგენს, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ქვეყნის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით 5 ივლისს რეფერენდუმი დანიშნა, რომელზეც ბერძნულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი ეკონომიკური პოლიტიკა ექნება ქვეყანას მომავალში.

საბერძნეთს თავისი კრედიტორების მიმართ 317 მილიარდი ევროს მოცულობის ვალი აქვს. ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი სესხის რესტრუქტურიზაციაზე თანახმა არიან, თუკი საბერძნეთი დაუყოვნებლივ გაატარებს ეკონომიკურ რეფორმებს, რაზეც მმართველი პარტია სირიზა წინააღმდეგია.

საბერძნეთსა და მის საერთაშორისო კრედიტორების შორის "ცივი ომი" 6 ივნისს დაიწყო, როდესაც საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 300-მილიონევროიანი სესხი არ დაფარა.

30 ივნისს საბერძნეთმა 1.5 მილიარდი ევროს მოცულობის ვალი უნდა გადაიხადოს, თუმცა, ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანას სავარაუდოდ ფული არ ექნება. საბერძნეთი უკვე აღიარებს, რომ ივნისის ბოლოს სავარაუდოდ დეფოლტს განიცდის.

 

კომენტარები