იუსტიციის საბჭოს საქმიანობა

NGO-ები: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში კვლავაც უამრავი ხარვეზია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში კვლავ შეინიშნება მნიშვნელოვანი ხარვეზები - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის სამწლიანი შემაჯამებელი ანგარიშშია ნათქვამი. 

მონიტორინგს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ახორციელებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ იუსტიციის საბჭოს საქმიანობის სამწლიანი მონიტრინგის განმავლობაში ცვლილებები შევიდა, დაკონკრეტდა და უფრო ნათელი გახდა საბჭოს საქმიანობის ცალკეული მიმართულებების მარეგულირებელი კანონმდებლობა; გაიზარდა საბჭოს საქმიანობის საჯაროობის ხარისხი; მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებს ნაკლები პრობლემები ექმნებოდათ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის კუთხით; ასევე გაუმჯობესდა საბჭოს სხდომებზე საბჭოს წევრების აქტიურობის ხარისხი სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობისას.

მონიტორინგის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, საბჭოს საქმიანობაში კვლავ შეინიშნება მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც ერთი მხრივ, გამოწვეულია საკანონმდებლო ხარვეზებით და მეორე მხრივ, საბჭოს მიერ მოქმედი საკანონმდებლო ნორმების არასწორი განმარტებებით.

„მიუხედავად რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა, კვლავ არ არსებობს საბჭოს გადაწყვეტილებების მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, მივლინების, დისციპლინური სამართალწარმოების თუ სხვა საკითხებზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის შეფასებას. საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულება. საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის შეფასება არც საბჭოს სხდომის ოქმებით ან სხდომაზე გამართული დისკუსიით იყო შესაძლებელი. აღნიშნული პრობლემა არც საბჭოს მიერ კარგი პრაქტიკის დამკვიდრებით ყოფილა აღმოფხვრილი;" - ნათქვამია ანგარიშში.

განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ისეთი საკითხები, როგორიცაა: საკითხის განხილვის ვადები, დაინტერესებული პირების მონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, საბჭოს წევრის აცილების საკითხი, გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მის მიღებამდე საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის ვალდებულება. ამ საკითხების პრობლემურობამ არა ერთხელ იჩინა თავი გადაწყვეტილებების მიღებისას.

არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ არაერთ პრობლემაზე საუბრობენ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას უკავშირდება.

"• ბუნდოვანია თავად საბჭოს მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გამოყენება/არ გამოყენების საკითხი გადაწყვეტილებათა მიღების დროს, რამეთუ საბჭო თავად, ძალიან არაერთგვაროვნად და ბუნდოვნად განმარტავს, მის მიმართ ამ კოდექსის მოქმედების საკითხს;

• არ არის განსაზღვრული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებისა და მათ მიმართ სასამართლო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა;

• არ არის დარეგულირებული საბჭოს წევრის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი;

• საბჭოს საქმიანობას დაბალი ინკლუზიურობა ახასიათებდა. საბჭოს მიერ არ გამოიყენებოდა დაინტერესებული პირების თუ საექსპერტო წრეების მონაწილეობით საბჭოს გაფართოებული სხდომების ჩატარების მექანიზმი.

• მონიტორინგის სამევე ეტაპზე პრობლემად რჩებოდა საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაციის წინასწარ გამოქვეყნება, რაც საბჭოს საქმიანობის საჯაროობას აზიანებდა და დაინტერესებულ პირებს უზღუდავდა საბჭოს სხდომებზე დასწრების უფლებას;

• ბუნდოვანი რჩება საბჭოს სხდომის დახურვის წესი. მონიტორინგის სამივე ეტაპზე საბჭო წინასწარ არ აქვეყნებდა საბჭოს სხდომის დახურვის შესახებ ინფორმაციას, გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ მიიღებოდა ერთპიროვნულად საბჭოს თავმჯდომარის მიერ და არა საბჭოს მიერ კოლეგიურად.

• პრობლემურად რჩებოდა საბჭოს სხდომების მასმედიის საშუალებით გაშუქების საკითხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეუძლიათ განახორციელონ მხოლოდ სხდომის გახსნის ფოტოგადაღება და ვიდეო-აუდიო ჩაწერა, მაშინ როცა ზოგადად კანონმდებლობით კოლეგიური ორგანოების სხდომების ვიდეო-აუდიო ჩაწერა არ არის შეზღუდული;

• დაფიქსირდა შემთხვევები როცა საბჭომ არ გასცა გარკვეული საჯარო ინფორმაცია" - წერია ანგარიშში. 

კომენტარები