მართლმსაჯულების რეფორმა

მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების უფლება ინსპექტორს ექნება

РИА Новости

მთავრობის კანცელარიაში დღეს სასამართლო რეფორმაზე იმსჯელეს. მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას. რეფორმის მიხედვით, მოსამართლეები სასამართლოს თავმჯდომარეს თავად აირჩევენ. გარდა ამისა, სასამართლოს თავმჯდომარეებს მენეჯერული უფლებები შეუმცირდებათ და თვითონაც განიხილავენ საქმეებს. რეფორმის მიხედვით, იცვლება მოსამართლეებისთვის საქმეების განაწილების პრინციპიც, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც ითხოვდა. კერძოდ, საქმეები გადანაწილდება ელექტრონულად.

გარდა ამისა, ცვლილებები შეეხო მოსამართლეების მივლინებასაც. ასევე, უზენაესი სასამართლეობის მოსამართლეების რაოდენობა კანონით დადგინდება და არა პლენუმით და იქნება 28 წევრი.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გაიზიარა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივა ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღების შესახებ. გარდა ამისა, ყველა სასამართლოში გაუქმდება სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი. თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრი მთავრობის მიერ დამტკიცებული რეფორმა განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება. ჯერჯერობით უცნობია, როდის განიხილავს ამ საკითხს საკანონმდებლო ორგანო.

საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები და მათი მახასიათებლები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევისას დაეყრდნობა ორ ძირითად კრიტერიუმს კეთილსინდისიერებას და კომპეტენტურობას. დადგინდება მოსამართლეობის კანდიდატის თაობაზე სანდო ინფორმაციის მოძიების წესი და განისაზღვრება ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევები; იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მოსამართლეობის ყველა კანდიდატისთვის თანამდებობაზე კონკურსის წესით განწესებისას შეიქმნება სამართლიანი და თანაბარი პირობები. მოსამართლეობის კანდიდატებს უფლება ექნებათ, გაასაჩივრონ მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება.

"სასამართლოთა თავმჯდომარეებს შეეზღუდებათ ადმინისტრაციული ფუნქციები −თავმჯდომარე საერთო ზედამხედველობას გაუწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს აპარატის უშუალო ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას კი განახორციელებს სასამართლოს მენეჯერი; სასამართლოთა თავმჯდომარეები ვალდებული იქნებიან, პირადად განიხილონ საქმეები; ყველა სასამართლოში სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი გაუქმდება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინიციატივა); დაცული იქნება მოსამართლის შეუცვლელობის პრინციპი− აიკრძალება მისი თანხმობის გარეშე მისთვის პოზიციის შეცვლა ან თვითნებურად მივლინებაში გაგზავნა; სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება.  ეს უფლება ენიჭება დამოუკიდებელ ინსპექტორს, რომელიც დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში ახალ ინსტიტუტს წარმოადგენს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინიციატივა)" - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ სიახლე უფრო მეტად უზრუნველყოფს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.

"დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში განხორციელებული ქმედებების შედეგად საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებს კოლეგიური ორგანო  − იუსტიციის უმაღლესი საბჭო; მოსამართლეს უფლება ექნება, სურვილის შემთხვევაში, გაასაჯაროოს მის მიმართ წარმოებული დისციპლინური საქმისწარმოება, რაც დამატებით გარანტიას ქმნის მოსამართლის უფლებების დაცვისათვის" - აღნიშნავს იუსტიციის სამინისტრო.

რეფორმის მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიქმნება სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი, რომელიც, ერთი მხრივ, ზედამხედველობას გაუწევს საერთო სასამართლოების ადმინისტრირებას და საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, ხოლო, მეორე მხრივ, შეისწავლის საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, სასამართლოების დატვირთულობისა და საქმეთა განხილვის მაჩვენებლებს, მოსამართლეთა მივლინების საჭიროებებს, საქმის წარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ ინფორმაციას და შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღისფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლის ბოლოს დაიწყო. 

 

კომენტარები